skip to content
ახალი ამბები

„საიამ“ 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულთა სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 7 ნოემბერს განაცხადა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას დაზარალებული 16 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის – წამების აკრძალვის (მე-3), გამოხატვის თავისუფლების (მე-10), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების (მე-13) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14) უფლებების დარღვევას ასაჩივრებს.

„საიას“ განმარტებით, მიუხედავად საქმეზე კონკრეტული პირების დასჯისა, სამართალდამცველ უწყებებს ძალადობის ორგანიზატორი პირების დასჯის „ნებელობა“ არ აქვთ და 5 ივლისის „ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის“.

„საიას“ თქმითვე, მართალია გამოძება ძალადობის ორგანიზატორთა მიმართაც მიმდინარებს, თუმცა „მისი მიმდინარეობა ბრალდებულთა ნულოვანი რაოდენობიდან და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი და სათანადოდ ეფექტიანი“.

ორგანიზაციაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა, 2022 წლის 4 აპრილს ლექსო (ალექსანდრე) ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულთათვის 5-5-წლიანი პატიმრობის მისჯაც უნდა ყოფილიყო.

„განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ მტკიცებულებები ადასტურებდა ივნისის თვეში ,,ალტ ინფოს“ მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას“, – განმარტავენ „საია-ში“.

ორგანიზაცია შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებასაც იხსენებს, სადაც იგი ამბობდა, რომ „გამოძიების სტრატეგია იყო ჯერ ამსრულებლების, ხოლო, შემდეგ ორგანიზატორების გამოვლენა“.

„საია“, ასევე, მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების ნაწილში და ასევე, არ აქვთ იმის ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ იდავონ ორგანიზატორების მიმართ დევნის დაწყებაზე ფაქტობრივი/სამართლებრივი უარის გასაჩივრების თვალსაზრისით.

ორგანიზაციის განცხადებითვე, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელსაც ევალებოდა, მათ შორის, „ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა“.

„საიასვე“ განმარტებით, ამ დრომდე ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 2022 წლის ივნისი გასული სიუჟეტის საფუძველზე, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს-ი) თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას აღწერს.

„საია“ აგრეთვე მიიჩნევს, რომ „მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ არ, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი“. ორგანიზაციის განმარტებით, მათ ყველა ამ მოთხოვნით, საგამოძიებო უწყებებს ბოლოს 2022 წლის 5 ივლისს მიმართა, თუმცა მათი მხრიდან „არანაირი რეაგირება არ მომხდარა“.

ორგანიზაცია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და ევროპარლამენტარების მოწოდებებსაც იხსენებს, ასევე ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებულ რეზოლუციაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“.

2021 წლის ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული ყველა პირი ცნო დამნაშავედ. მათგან 26-ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა, 1-ს კი – 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button