ახალი ამბები

არასამთავრობოები 5 ივლისის ძალადობაში სუს-ის შესაძლო ჩართულობაზე „ტვ პირველის“ სიუჟეტს ეხმიანებიან

9 არასამათავრობო ორგანიზაცია, 2021-წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ ძალადობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესაძლო ჩართულობის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ 11 ივნისის სიუჟეტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მასში გასაჯაროებული ინფორმაცია „ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს“.

უფლებადამცველების თქმით, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლებს შორის „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გასაჯაროებული შიდა მიმოწერა 5 ივლისის პროცესების მართვის მიზნით, სუს-ის თანამშრომლების „განსაკუთრებულ მობილიზებასა“ და „ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილებას“ ასახავს.

„მიმოწერის ტექსტებში კი იკვეთებოდა უწყების თანამშრომლების ჰომოფობიური დამოკიდებულებები და კმაყოფილება მომხდარ ძალადობაზე“, – ნათქვამია 13 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებში.

ამასთან, მათივე თქმით, სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში „აშკარად ჩანდა“, რომ 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილის პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებზე თავდასხმების ორგანიზებული ხასიათი. გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფები წინასწარვე იმ ადგილებშიც იკრიბებოდნენ, სადაც აქტივისტებმა უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გადაინაცვლეს.

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მოძალადეები არათუ დააკავეს, ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარტია კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის შენობის სადარბაზოში შეუშვეს.

მათივე განცხადებით, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე „მიზანმიმართული ანგარიშსწორებაზე“ სახელმწიფოს „აშკარა უმოქმედობის“ შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.

არასამთავრობოების შეფასებით, ის ფაქტი, რომ 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის თავზეც კი სამართალდამცველ უწყებებს პასუხისგებაში ძალადობის არცერთი ორგანიზატორი მიუცია და შეკრების უფლების ხელყოფაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, ამ მიმართულებით პოლიტიკური ნების არარსებობის შესახებ „ეჭვებს“ აძლიერებს.

მათივე თქმით, ამ ეჭვს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 5 ივლისის განცხადებაც ამყარებს, სადაც მან თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარებამ მიზანშეწონილი არ არის და რომ მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.

„ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი მასობრივი ძალადობის შეწყნარება, დემონსტრაციულად არაეფექტიანი პრევენცია და გამოძიება, კიდევ უფრო ნათელი და ახსნადი ხდება იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესების დაგეგმვაში შესაძლოა უშუალოდ იყვნენ ჩართულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათივე თქმით, საჯარო სივრცეში ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენლი მასობრივი ძალადობის შეწყნარება და მით უფრო ამ პროცესში სახელმწიფოს ნეგატიური მონაწილეობა ჩვენს საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის უმძიმეს განწყობებს ქმნის.

უფლებადამცველებს კიდევ უფრო „ფართო პოლიტიკურ ეჭვებს“ უჩენს სახელმწიფოს იმგვარ ჯგუფებისადმი ლოიალობა და „მათი შესაძლო ინსტრუმენტალიზება“, რომელთა დღის წესრიგიც „ღიად და შეუნიღბავად“ კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ისინი პრორუსული პოლიტიკური და მედიაძალების პროპაგანდასთან და ძალადობრივი ექსტრემიზნის პრევენციის კუთხით სუს-ის „დემონსტრაციულ არაეფექტიანობაზეც“ ამახვილებენ ყურადრებას და ხაზს უსვამენ, რომ უწყება „საკუთარ წლიურ ანგარიშებიც კი არ ახდენს პუტინისტური მედია და პოლიტიკური აქტორების იდენტიფიცირებას და მათი დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას“.

ამასთან, მათივე თქმით სუს-ს არც რუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საინფორმაციო პოლიტიკა აქვს და არც ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგისა და პრევენციის გეგმა და პოლიტიკა გააჩნია.

არასამთავრობოები მოუწოდებენ სამართალდამცველ უწყებებს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ, პარლამენტს კი – ამავე მოვლენებზე შესაბამისი ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით საპარლამენტო კონტროლის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC);“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „უფლებები საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA); „ღია საზოგადოება საქართველო“ (OSGF); „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI).

ტელეკომპანია პირველის სიუჟეტი

„ტელეკომპანია პირველმა“ 11 ივნისს, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს შორის მიმოწერის 10 ფოტოასლი, ე.წ. „სქრინები“ გაასაჯაროვა, რომლებიც ტელევიზიის თქმით, ადასტურებს, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობის უკან ხელისუფლება იდგა და ის ამისთვის წინასწარ ემზადებოდა.

„ტელეკომპანია პირველმა“ სუს-ის ის თანამშრომლებიც დაასახელა, რომლებიც „5 ივლისის მასობრივი ძალადობის პროცესს მართავდნენ. ესენი არიან: მიხეილ (მიშა) ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე.

გასაჯაროებული მიმოწერების თანახმად, სუს-ის თანამშრომლებს ლგბტ თემის მხარდამჭერი ჯგუფის, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ კონტრაქციაზე ყოფნა და დამატებით რამდენიმე ადამიანის მიყვანა ევალებოდათ.

მაგალითად, მიმოწერის ამსახველ ერთ-ერთ ფოტომასალაში, ჩანს, რომ მიშა ტურაბელიძე, რომელიც „ტვ პირველის“ თქმით, სუს-ის მოქმედი თანამშრომელია, 5 ივლისს, ღამის 00:54 სთ-ზე თანამშრომელთა საერთო ჩატში შეტყობინებას აგზავნის და კონკრეტულ ადგილებზე, მათ შორის ვაკის პარკში, მზიურსა და მარჯანიშვილის მოედანზე დილის 08:30 სთ-ისთვის „მაქსიალური მობილიზებისკენ მოუწოდებს.

ამავე მიმოწერების თანახმად, იგი ამბობს, რომ დავალება 100%-ით უნდა შესრულდეს და თანამშრომლებს ვიდეომასალების გადაღებასა და გაგზავნას სთხოვს.

კიდევ ერთი ფოტომასალის თანახმად, კვლავ ტურაბელიძე კონტრაქციის მონაწილეთაგან „ერთი მოაზროვნე ადამიანის“ გამოყოფას ითხოვს, რომელიც მედიასთან საუბრისას იტყვის, რომ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, „თბილისი პრაიდი“და ნაციონალური მოძრაობა „ერთი კამანდაა“.

კიდევ ერთი ფოტომასალის თანახმად, 5 ივლისის დღის მეორე ნახევარში, ტურაბელიძე თანამშრომლებს გამამხნევებელი შინაარსის შეტყობინებას უგზავნის და მათ ეუბნება, რომ ცოტაც გაუძლონ, რადგან საქართველოში „ლჭპტ ხალხის მოსპობა“ სწორედ მათი დამსახურება იქნება. „ჰოდა ჩვენც შევიტანთ მაგ წვლილს“, „ღირსების ორდენს ველოდები“, – ჩანს მსგავსი შინაარსის საპასუხო გამოხმაურება.

„ტელეკომპანია პირველისვე“ ინფორმაციით, სუს-ს ძალადობრივი აქცია „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 1 ივლისს სანაპიროზე მდებარე კლუბ „ხიდში“ ფილმის ჩვენების დროსაც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უწყებას „სპეცოპერაცია ჩაუვარდა, რადგან დავალება გვიან მიიღეს და მობილიზება ვერ მოასწრეს“.

შსს „ტელეკომპანია პირველიდან“ მასალებს ითხოვს

დღეს „ტელეკომპანია პირველმა“ შშს-ისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, სადაც უწყება ტელევიზიას სთხოვს აცნობოს ფლობს თუ არა ის მატერიალური ან ელექტრონული სახით შაბათის ეთერით გავრცელებულ მასალას და მისი შენახვის ადგილი მიუთითოს. შსს „ტვ პირველისგან“ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული სხვა მასალების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც სთხოვს.

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რომელიც შაბათის გადაცემის წამყვანიცაა, განაცხადა, რომ შსს დროის გაწელვას ცდილობს, იმისათვის, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა „მტკიცებულებები გაანადგურონ“ და თქვან, რომ „ჩვენ არაფერ შუაში ვართო“.

„ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ მათი სურვილი არ არის დაიწყონ გამოძიება მაღალჩინოსნების თანამონაწილეობაზე იმ სისხლისღვრაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოაწყვეს… მათი სურვილი არის, დაადგინონ კიდევ რა მასალა შეიძლება გვქონდეს ჩვენ და რა სახის ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებთ“, – დასძინა მან.

„სამოქალაქო საქართველო“ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს და სუს-ს დაუკავშირდა. სუს-ში კომენტარისგან თავი შეიკავეს. შსს-ს პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

შენიშვნა: სტატია შსს-ს მიერ „ტელეკომპანია პირველიდან“ მასალების ამოღების შესახებ ცნობების შესაბამისად 2022 წლის 14 ივნისს, 17:40 სთ-ზე განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button