Placeholder canvas
ახალი ამბები

5 ივლისის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ კიდევ 14 პირი ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ 5 ივლისს, ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობის საქმეზე კიდევ ორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მედიის ცნობით, მათგან 7 ბრალდებული ტელეკომპანიების – „მთავარი არხის“ „ფორმულას“, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“, ასევე ინტერნეტგამოცემების – „ტაბულას“, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ეპიზოდებში გაამტყუნა.

7 მსჯავრდებულიდან სასამართლომ ოთხს 1 წლითა და 3 თვით, ორს 1 წლითა 2 თვით პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი – 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება მეორე განაჩენს, მედიის ინფორმაციით, ის ასევე მოიცავდა, ე.წ. მოპედის ეპიზოდსაც, რა დროსაც, ერთ-ერთი მოძალადე ხალხმრავალ სივრცეში მოპედით შეიჭრა, რა დროსაც, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი და „ფორმულას“ ფოტოგრაფი დაზარალდნენ.

მედიის ცნობით, მოსამართლემ საქმეზე ბრალდებული შვიდი პირიდან სამს 3-წლიანი, ორს 1-წლიანი, ორს კი – 1-წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (154), დევნის (156), ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (225) მუხლებით მიმდინარეობდა.

თუმცა, მედიის ცნობით, მოსამართლემ 225-ე მუხლი ძალადობად და ჯგუფურ ძალადობად გადააკვალიფიცირა. ბრალდების მხარე, მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ეს 5-6 ივლისის ძალადობაზე უკვე მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენია. გუშინ, საქალაქო სასამართლომ „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფსა და პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე, 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს, „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ძალადობისთვის ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button