skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „რეფერენდუმებს“ გმობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში 23 სექტემბერს დაწყებული ე.წ. რეფერენდუმების საკითხს გამოეხმაურა და ხელისუფლებას მათი „კატეგორიულად დაგმობისკენ“ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „რეფერენდუმები“, როცა ის ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავზე, თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულა.

„ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის არის სრულიად მიუღებელი“, – დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოთხდღიანი „რეფერენდუმები“, რომლებიც უკვე დაგმეს ოფიციალურმა კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში იმართება.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხალხს „რეფერენდუმების“ დასრულებამდე ოკუპირებული რეგიონების დატოვების უფლებას არ აძლევენ, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებს მონაწილეობას აიძულებენ. „რეფერენდუმის“ გამოცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება. შედეგად, ათიათასობით რუსეთის მოქალაქე რუსეთიდან გაქცევას ცდილობს, მათ შორის ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button