ახალი ამბები

საქართველომ და გერმანიამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბერლინს სტუმრობს, 13 სექტემბერს თავის კოლეგას, ანალენა ბერბოკს შეხვდა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

შეთანხმება საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების შემდგომ გაღრმავებას ისახავს მიზნად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებაში ხაზგასმულია „ქართველი და გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას“.

შეთანხმება ასევე მოიცავს განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, და ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას.

ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერას და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მეტ ენობრივ მხარდაჭერას, თანამშრომლობას განათლებისა და სპორტის სფეროებში, ასევე საგანმანათლებლო კვალიფიკაციის აღიარების გამარტივებას.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

შეთანხმების ხელმოწერამდე ილია დარჩიაშვილი თავის გერმანელ კოლეგას შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერის „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“ და ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საჭირო რეფორმების სწრაფ განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„გერმანია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button