ახალი ამბები

აშშ-საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი გაცვლითი წვრთნები დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო – სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.

სპეციალური ოპერაციების ძალების ოფიცერმა, კაპიტანმა გიორგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ წვრთნების დროს პირადმა შემადგენლობამ „მიიღო და წარმატებით აღასრულა სხვადასხვა საბრძოლო დავალება“.

„წვრთნების მიზანია სპეცდანიშნულების ელიტარულ ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობისა და მოქმედებების ამაღლება, რაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების საწინდარია“, – ხაზი გაუსვა მან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button