ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) 27 ივლისს საქართველოს შესახებ მეხუთე პერიოდულ მოხსენებაზე დასკვნითი მოსაზრებები გამოაქვეყნა, რომელიც განიხილავს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესაბამისობას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან. ანგარიშს წინ უძღვოდა 2017 წელს გამოქვეყნებული მეოთხე პერიოდული ანგარიშის დასკვნითი დაკვირვებები.

დასაწყისში, ანგარიში მიესალმა სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში გატარებულ ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის კანონმდებლობის გაეროს ადამიანის უფლებადა ორგანოების შეთანხმებებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული 2015 წელს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილ ცვლილებებს; 2019 წელს, ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღებას; შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2020 წელს მიღებულ კანონს; ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიღებას; 2019 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.

2014-2020 წლებში ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის აღნიშვნისას, მან გამოთქვა შეშფოთება 2021-2030 წლების სტრატეგიის დასრულება დაგვიანებით და „ადამიანის უფლებათა ინდიკატორების საფუძველზე ჩატარებული შეფასების ნაკლებობის გამო“.

 საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისთვის ბიუჯეტის გაზრდა და მისი რეკომენდაციების შესრულებაში მიღწეული პროგრესი, თუმცა იმედგაცრუება გამოხატა „საჯარო და კერძო აქტორების მიერ მსგავსი რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებლით“.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთავრობამ უნდა „უზრუნველყოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება, როგორც საჯარო, ისე კერძო აქტორების მიერ“, ხოლო სახალხო დამცველის ოფისი უზრუნველყოს საჭირო რესურსებით მისი მანდატის ეფექტიანად და დამოუკიდებლად განსახორციელებლად.

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, კომიტეტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული რეფორმების გატარებისა, სახეზეა „დამოუკიდებლობისა ად მიუკერძოებლობის მუდმივი ნაკლებობა“.

განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო, მათ შორის, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

დოკუმენტში ასევე საუბარია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებსა და სასამართლო პროცესებზე, განსაკუთრებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარის, ნიკა მელიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეების მიმართ.

ანტიკორუფციული ზომები

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ 2015 წელს მიიღო კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, შეშფოთება არის გამოხატული კორუფციისა და მექრთამეობის შესახებ მუდმივი ცნობებით.

ანგარიშში ასევე საუბარია, კორუფციის შემთხვევების დროულად და ეფექტიანად გამოძიების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც არის ყურადღება გამახვილებული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებთან მიმართებით, რაც „მიღებული ცნობებით, სამართალდამცველი ორგანოებისა და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობით“ არის განპირობებული.

ამ მიმართულებით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მამხილებელი კანონების სისუსტესა და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის არაეფექტიანობაზე, ასევე მიწის პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის ნაკლოვანებებზე.

პირადი ცხოვრების უფლება

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული პირადი ცხოვრების უფლებაში თვითნებური ჩარევის, თვალთვალისა და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შემთხვევების აღკვეთის მიმართულებით არასაკმარისი გარანტიების არარსებობის გამო.

განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოხატული იმ ფაქტის გამო, რომ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც მეთვალყურეობას ახორციელებს, მინიჭებული აქვს როგორც მარეგულირებელი, ისე მონიტორინგის უფლებამოსილება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი არ არის. ამასთან, ხაზგასმულია, რომ მის საქმიანობაზე ზედამხედველობის არსებული მექანიზმი „არაეფექტიანია“.

ხაზგასმულია რა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს, ანგარიშში მწუხარებაა გამოთქმული, რომ კანონპროექტის მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლების გაფართოება და გახანგრძლივებაა, რამაც, შესაძლოა, „სერიოზულად დააზიანოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“.

წამება და არაადამიანური მოპყრობა

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით და კონსულტაციების გარეშე გაუქმებით, რამაც „ცივი წყლის ეფექტი“ იქონია ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ინსტიტუტებზე.

კრიტიკაა გამოთქმული იმასთან დაკავშრებით, რომ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და წამების საქმეების გამოძიება იწყება არა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

ანგარიშში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არაეფექტიან გამოძიებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

მედია და გამოხატვის თავისუფლება

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული მედიის გაძლიერებული პოლარიზაციისა და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ადმინისტრაციული, ფინანსური და სასამართლო გზებით არასათანადო ზეწოლის გამო. ყურადღებაა გამახვილებული კრიტიკული მედიასაშულებების მესაკუთრეების ან მენეჯმენტის ცვლილებასა და მედიის სფეროში მომუშავეთა წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე.

ანგარიში ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ჟურნალისტებსა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ მზარდი მუქარის, დაშინების, შევიწროებისა და თავდასხმების შემთხვევებზე.

გარდა ამისა, უკმაყოფილებაა გამოხატული კომუნიკაციების ეროვნული კომისიაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენისა და 2020 წლის ივლისში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მიღებით მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო მცდელობაზე.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული 2017 წელს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასა და 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჰომოფობიურ ძალადობაზე.

ლგბტ+ პირთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, ასევე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა, კვლავ შემაშფოთებელია, ქალთა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების არასაკამრისი წარმომადგენლობა „გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე“.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტში შემდეგი „სამწუხარო“ გარემოებებია ჩამოთვლილი: შემთხვევათა არასათანადო შეტყობინება, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევების; ამ დანაშაულისთვის სამართლებრივი დევნისა და მსჯავრის დადების დაბალი მაჩვენებელი; მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არასაკმარისი მომსახურება, მათ შორის, ფსიქოლოგიური მომსახურება.

ლგბტ+ თემთან მიმართებით, ანგარიშში უკმაყოფილებაა გამოთქმული თემის წარმომადგენელთა, ასევე მათ დამცველთა და ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციის, შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების გახშირებული შემთხვევების გამო. ამავე კონტექსტში ნახსენები იყო 2021 წლის 5-6 ივლისის ჰომოფობიური თავდასხმა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული ყველა სახის დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვა მთავრობის ვალდებულებაა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში, იმის საილუსტრაციოდ, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევები შესაბამისად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დასჯილნი.

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები

რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით, ანგარიშში საუბარია ამგვარი ჯგუფების მიმართ „სტრუქტურულ დისკრიმინაციაზე“ და არაპროპორციულად მცირე დაფინანსებაზე, რომელიც ასეთ ჯგუფებს მათი სალოცავი ადგილების რეაბილიტაციისთვის მიეწოდებათ. ამ კონტექსტში, საგადასახადო შეღავათების დისკრიმინაციულად განაწილებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

დოკუმენტში შეშფოთება არის გამოხატული იმის გამოც, რომ ბათუმში მუსლიმ მორწმუნეებს მეჩეთის მშენებლობის უფლება არ მიეცათ. ყურადღება ასევე გამახვილებულია რელიგიური უმცირესობების შევიწროების, განსაკუთრებით კი – სტუდენტებისა და მოსწავლეთა „სტიგამიტიზაციის, ზეწოლის ქვეშ მოქცევისა და შევიწროების“ შემთხვევებზე.

კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციისა და პოლიტიკურ დონეზე მათი დაბალი წარმომადგენლობის მაჩვენებლით. იქვე მიუხედავად ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულენოვანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა, კვლავ პრობლემურია, „ენობრივი ბარიერის“ საკითხი.

ოკუპირებული ტერიტორიები და იძულებით გადაადგილებული პირები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე საუბრისას, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა იმ ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან საქართველოს მთავრობის ეფექტური კონტროლის ქვეშ. თუმცა, იქვე შეშფოთებაა გამოხატული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები „არ სარგებლობენ იმავე დონის დაცვით“, როგორც დანარჩენ საქართველოში მცხოვრებნი.

დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, თუმცა იქვე ოკუპირებულ რეგინებში მცხოვრებ პირთა წინაშე არსებული სირთულეებზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორისაა, სიცოცხლის უფლების, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს წარმოქმნილი გამოწვევები.

რაც შეეხება ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს დოკუმენტში ასევე დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომებით, მათი მუდმივი საცხოვრისით დაკმაყოფილების, ფინანსური დახმარებისა და სწავლების მიმართულებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ განსახლებას დევნილთა 52% კვლავ ელოდება.

აფხაზეთიდან დევნილი შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა

ანგარიშში ასევე მწუხარებაა გამოთქმული დევნილთა სიღარიბის მაღალ დონეზე, არასაკმარის ყოველთვიურ შემწეობასა და სოციალური სერვისების არაადეკვატურ ხელმისაწვდომობაზე.

  • ანგარიშისა და რეკომენდაციების სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button