skip to content
ახალი ამბები

საია: ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) 3 ივნისის განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი „დაუსაბუთებელია“ და მისი, როგორც ტელევიზიის დირექტორის ქმედებებში „არ იყო დანაშაულის ნიშნები“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოაცხადა და ნიკა გვარამია ტელევიზიის დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ორ ეპიზოდში გაამტყუნა.

ერთი ეპიზოდი 2019 წლის თებერვალში, კომპანია „პორშეს ცენტრთან“ გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას ეხება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ საკუთრებაში ძვირადღირებული (76 700 ევრო) ავტომობილი მიიღო. სასამართლომ გვარამიას ამ ნაწილში 3.5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მეორე ეპიზოდი 2015 წელს ნიკა გვარამიას მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, რა დროსაც, ასევე პროკურატურის ცნობით, კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 6 763 510 ლარის ზარალი მიიღო. მოსამართლემ გვარამიას ამ ეპიზოდისთვის 50 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა უფრო მძიმე სასჯელმა ნაკლებად მძიმე შთანთქა.

სასამართლომ ამავე ეპიზოდში გაამტყუნა ტელევიზიის მაშინდელი ფინანსური დირექტორი, კახაბერ დამენიაც და მასაც იმავე ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ არც განაჩენში უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა.

„საია“ გვარამიასთვის ორივე გამამტყუნებელ განაჩენზე მოსამართლის დასაბუთებას, სასჯელის პროპორციულობასა და მოსამართლის აცილების საკითხებს ცალ-ცალკე განიხილავს.

ე.წ. ავტომობილის ეპიზოდი

„საიას“ განცხადებით, გვარამიას მიმართ კომპანიის ხარჯზე პირადი სარგებლობისთვის ავტომობილის შეძენისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია.

კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, მოსამართლე თავადვე ამბობს, რომ გვარამიას ავტომობილის პრემიის სახით მიღება შეეძლო, თუმცა განმარტავს, რომ მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც „მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა“.

„საიასთვის“ გაუგებარია, „რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი რის, მიღებაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება“. „[ამასთან] სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის პრემიის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით გაცემული“.

შესაბამისად, „საია“ მიიჩნევს, გვარამია პრემიის სახით მიიღებდა ავტომობილს, თუ ტელეკომპანიის სხვა აქტივით მოხდებოდა ავტომობილის საფასურის გადახდა, „რუსთავი 2-ისთვის“ მატერიალურად იდენტური შედეგის მომტანი იქნებოდა და არ შეიძლება მივიჩნიოთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.

ხაზი გაუსვა რა, რომ სასამართლოს მეგობრის პოზიციის კრიტიკისას, მოსამართლემ თავად აღნიშნა, რომ სასამართლოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ განაჩენი იყოს დასაბუთებული და კანონს და გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, „საიამ“ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში „არ გვხდება იმგვარი დასაბუთება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი“.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი

„საიას“ განცხადებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ე.წ. 2015 წლის ეპიზოდის ბრალდების ნაწილში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს „ყოველმხრივ და ობიექტურად“ არ აქვს შეფასებული ამ პერიოდში „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე.

კერძოდ, „საიას“ თქმით, მოსამართლე 2015 წელს „რუსთავი 2-ის“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლების „ინტერ მედია პლიუსისთვის“ გადაცემას იმით ხსნის, რომ მისი მფლობელები გვარამიასა და დამენიას მეგობრები იყვნენ და ამის საფუძველზე ადგენს, რომ ცვლილება არა ტელეკომპანიის, არამედ მენეჯმენტის პირად ინტერესებში შედიოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, რეკლამის განთავსების წესის ცვლილების მიუხედავად, მოსამართლე მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლო კვარტალი, ტელევიზიებისთვის ყველაზე მომგებიანია, 2015 წლის ამ პერიოდში „რუსთავი 2-ის“ შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. აღნიშნულს იგი მენეჯმენტის მიერ „ინტერ მედია პლიუსიდან“ შემცირებული თანხის მოთხოვნას უკავშირებს.

„საიასთვის“ გაუგებარია სასამართლოს ის მსჯელობაც, რომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ წილების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელის შეტანის შემდეგ, ნიკა გვარამიას ტელევიზიისთვის ზიანის მიყენება ჰქონდა განზრახული, მაშინ როდესაც საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოტანილი.

„სასამართლოს არ უჩნდება კითხვა, რომ თუ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, რატომ არ გაგრძელდა აღნიშნული განგრძობადად, განსაკუთრებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, როდესაც რეალურად უნდა გაჩენილიყო ტელეკომპანიაში მესაკუთრის ცვლილების მოლოდინი და არა სარჩელის შეტანისას“.

სასჯელის პროპორციულობა

„საია“ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის პროპორციულობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით „დაუსაბუთებელია“.

კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, მოსამართლე გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის ერთ-ერთ არგუმენტად, მის წინასწარ გაცხადებულ პოზიციას ასახელებს, რომ „არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის“. „საია“ იქვე განმარტავს, რომ ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების სამართლებრივ შედეგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.

ამავე კოდექსზე მითითებით „საია“ ხაზს უსმვას, რომ სასჯელის განსაზღვრისას მოსამართლემ მისი მიზნები (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) უნდა გაითვალისწინოს.

აღნიშნულის ფონზე, „საიასთვის“ ასევე დაუსაბუთებელია თუ რატომ მიიჩნია მოსამართლემ, რომ კომპანიისთვის „მილიონიანი ზიანის“ მიყენების გამო გვარამიასთვის 50 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრება სასჯელის მიზნებთან შესაბამისად, ე.წ. მანქანის ეპიზოდზე კი – „თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე მიზანშეუწონლად“.

ორგანიზაციისთვის ასევე გაუგებარია სასამართლოს დასაბუთება, რომ გვარამიასთვის შინაპატიმრობის მისჯა „ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მაშინ როდესაც იგი არც წარსულში ყოფილა ნასამართლევი და მისი მხრიდან გირაოს დარღვევის ან ახალი დანაშაულის ჩადენის მცდელობები არც საქმის განხილვის დროს დაფიქსირებულა.

„საია“ ასევე აღნიშნავს, რომ თუკი, თავის დროზე, გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს ახალი დანაშაულის ჩადენის შემაკავებელი ხასიათი ჰქონდა, მისთვის თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ უზრუნველყოფდა ამ რისკის დაზღვევას.

მოსამართლის აცილების საკითხი

„საიას“ შეფასებით, მოსამართლემ ვერც განაჩენში გააქარწყლა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი ჰოლდინგის ერთ-ერთ დირექტორთან, ზაზა გველესიანთან მეგობრობის გამო მისი მიუკერძოებლობის შესახებ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები.

„მოსამართლემ არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად, მისი მეგობრის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით შესაძლო ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად. ეს კი ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას“.

ორგანიზაციის განცხადებით, მოსამართლემ განაჩენში საპირწონედ განმარტა, რომ აცილებისთვის არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (59-ე) გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა და სხვა გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა არ დგინდება მხოლოდ დაცვის მხარის სურვილით და მინიმუმ რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

აღნიშნა რა, რომ „ამგვარი შეფასება აზრს მოკლებულია“, „საიამ“ ხაზი გაუსვა, რომ მოსამართლეს საკითხი „საზოგადოების აღქმიდან უნდა შეეფასებინა და არა პირადი ხედვიდან გამომდინარე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button