ახალი ამბები

„პრაიდის“ კვირეულის მიმართ კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების მიმართ ულტრამემარჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მათივე ტელევიზიის, „ალ ინფოს“ ლიდერების განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151 და 2391 მუხლებით აღიძრა, რაც მუქარასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

დღესვე, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კონსერვატიული მოძრაობისა და „ალტ ინფოს“ ლიდერები.

გამოკითხვიდან გამოსულმა კონსტანტინე მორგოშიამ მედიასთან საუბარში თქვა, რომ გამოძიებას მათთან „პრაიდის“ 28 ივნისი-2 ივლისის კვირეულთან დაკავშირებით გავრცელებულ საჯარო განცხადებებზე ჰქონდა კითხვები და ამ კონტექსტში უწყებას მათი გეგმები აინტერესებდა.

„მიიღეს ამომწურავი პასუხები… ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლებას კანონი უზრუნველყოფს, მორგოშიამ უპასუხა, რომ მათ „ზნეობა“ უფრო აინტერესებთ, ვიდრე „ნებისმიერი კანონი“.

აღნიშნა, რა, რომ ისინი ძალადობას არ აპირებენ, კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „პრაიდის“ მონაწილეები ქუჩაში „ვერ ჩაივლიან, ჩაივლიან წინ აღვუდგებით ათიათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან“.

კონსერვატიული მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან სამართალდამცველებს იმის შესახებ უამბო, რომ პრაიდის ფესტივალის დღეს ხალხის შეკრებასა და პროტესტის გამოხატვას გეგმავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელიან თუ არა ისინი მოვლენების 2021 წლის 5 ივლისის სცენარით განვითარებას, მახარაძემ უპასუხა – „რავი თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ და კიდევ რაღაც სისულელეებს გააკეთებთ…“.

„იმედია, [ასე] არ მოხდება. ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაფრის არსებობს“, – დაამატა მან.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა საჭირო ზომას“ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ 28 ივნისი-2 ივლისს დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარებისთვის, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისთვის.

სამინისტროს განცხადებას წინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა მხრიდან „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიებებისა და მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ მთავრობისადმი გუშინდელი მოწოდება უძღვოდა.


„თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული კვირეული, რომელიც ხვალიდან იხსნება, სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, ესენია: ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება „ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის“ შესახებ; რეგიონული კონფერენცია, სადაც შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან; „გრანდიოზული პრაიდფესტივალი“, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

„თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ჩატარდება, რამდენადაც „ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად“.

ამ კონტექსტში, ორგანიზაციამ გასულის წლის „უმძიმესი გამოცდილება“ გაიხსენა, როდესაც მან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი მარში სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გააუქმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button