skip to content
ახალი ამბები

შსს: მივიღებთ ყველა ზომას „პრაიდის“ დახურული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა საჭირო ზომას“ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ 28 ივნისი-2 ივლისს დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარებისთვის, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისთვის.

შსს ღონისძიების ჩაშლის შესახებ ულტრამემარჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და „ალტ ინფოს“ მუქარასაც გამოეხმაურა და მოუწოდა მათ, რომ „დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს“.

დაგმო რა ნებისმიერ სახის ძალადობა, უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ „პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

შინაგან საქმეთ სამინისტროს განცხადებას წინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა მხრიდან „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიებებისა და მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ მთავრობისადმი გუშინდელი მოწოდება უძღვოდა.

მათვე ხელისუფლებას 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა დასჯისკენაც მოუწოდეს, „რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

„პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, ჟურნალისტებისა და ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვისკენ დღეს მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“ მოუწოდა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები [და] მიიღოს ეფექტიანი ზომები“, – განაცხადეს კოალიციაში.


„თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული 28 ივნისი-2 ივლისის კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, მათ შორისაა – ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება „ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის“ შესახებ; რეგიონული კონფერენცია, სადაც შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან; „გრანდიოზული პრაიდფესტივალი“, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

„თბილისი პრაიდმა“ 31 მაისს განაცხადა, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ჩატარდება, რამდენადაც „ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად“.

საგულისხმოა, რომ კონსერვატიულმა მოძრაობამ „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის წინააღმდეგ „მობილიზაცია“ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ მხოლოდ კონსერვატიულ მოძრაობას და მათივე ტელევიზია „ალტ ინფოს“ რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება შეუძლია იმისათვის, რომ საქართველოში „ეს მაიმუნობები“ დამთავრდეს.

„… პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიცია ხალხის წინააღმდეგ არ წავა [და] ვერავინ მათ ფესტივალს ვერ დაიცავს“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button