ახალი ამბები

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს კონტრაქციის 23 მონაწილე დააკავეს 

გუშინ, საღამოს, თბილისში ლგბტ თემის მხარდამჭერი ორაგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული კვირეულის გახსნის დროს, ულტრამემარჯვენე და ულტაკონსერვატიულმა ჯგუფებმა ღონისძიების ჩაშლა სცადეს. მათ ღონისძიების მონაწილეებს კვერცხები და პლასტმასის ბოთლები ესროლეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც კონტრაქციის 23 მონაწილე დააკავეს.

„პრაიდის“ კვირეული დოკუმენტი ფილმის, „ღირსების მარშის“ ჩვენებით დაიწყო, რომელიც საქართველოში ლგბტ აქტივისტების ცხოვრებას ასახავს. ღონისძიებას უცხოელი დიპლომატები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და ისრაელის ელჩებიც დაესწრნენ.

სტუმრების მისვლასთან ერთად, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების რამდენიმე პირმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. მოძრაობამ „სირცხვილია“ განაცხადა, რომ მის აქტივისტს, სოფიო კუჭავას თავს დაესხნენ და მუცელში ჩაარტყეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი დააკავეს. ხოლო „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს კვერცხები ესროლეს. ღონისძიების დასასრულს, კონტრაქციის წარმომადგენლები კვლავ შეეცადნენ პოლიციის კორდონის გარღვევას. საღამოს განმავლობაში, დაშავებულთა ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 23 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე დ 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მათგან სამი კვლავ პატიმრობაში რჩება, 20 კი – ხელწერილით გაათავისუფლეს.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, პოლიციამ ღონისძიების სტუმრები სატრანსპორტო საშუალებებამდე მიაცილა. „პრაიდის“ კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა დადებითად შეაფასა პოლიციის ქმედებები და აღნიშნა, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ და მიუხედავად მცირე გამოწვევებისა, ღონისძიებამ მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ დრომდე, რაც გაკეთდა, არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა. მთავარია, რომ ღონისძიება დასრულდა წარმატებით“, – უთხრა სოზაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ რედაქციას.

კონტრაქცია ინტერნეტ მედიასაშუალება „ალტ-ინფომ“ დააანონსა. „17:00 საათიდან ვიკრიბებით. წამოდით ყველა და წამოიყვანეთ ხალხი. პრაიდი ვერ ჩატარდება“, – ნათქვამია მედიასაშუალების განცხადებაში.

ჯგუფი 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებასაც გეგმავს.

მანამდე, 1 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მიიღებს „შესაბამის ზომებს“, რათა უზრუნველყოს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მართლწესრიგის, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button