ახალი ამბები

პრეზიდენტი ეჭვობს, რომ ქვეყანაში ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება მართულია

„წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული“, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა, რითაც დღეს დილით, დედაქალაქში მომხდარ ინციდენტზე მიანიშნა.

ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

„ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის შეფასებას წინ უსწრებდა დიპლომატების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადება.

საქართველო, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ივნისის ბოლოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებას ელოდება. საქართველომ და მოლდოვამ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის პარალელურად წარადგინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button