ახალი ამბები

პრეზიდენტი მთავრობასთან შესაძლო სასამართლო დავის, უკრაინაზე ქართული ოცნების პოზიციის შესახებ

ტელეკომპანია „პალიტრასთვის“ 2 ივნისს მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებასთან უფლებამოსილების თაობაზე შესაძლო სასამართლო დავაზე, ასევე უკრაინის ომზე და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ხელისუფლების სადავო პოზიციაზე ისაუბრა.

მომავალი დავა

საქართველოს პრეზიდენტი დეტალურად შეეხო ქართული ოცნების მტკიცებას, რომლის თანახმადაც, 2022 წლის თებერვალში პარიზსა და ბრიუსელში სტუმრობით, ასევე გასულ წელს რამდენიმე ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარის თქმით, თითქოს მან კონსტიტუცია დაარღვია.

გაიხსენა რა, რომ მან არაფორმალური ვიზიტები მას შემდეგ დაგეგმა, რაც მთავრობამ ოფიციალურ ვიზიტებზე უარი უთხრა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უარს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ეს გადამწყვეტ მომენტში მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის შემდე,გ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და დასძინა, რომ ეს სწორი და საჭირო ვიზიტი იყო.

რაც შეეხება დიპლომატების დანიშვნებზე უარის თქმას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან დანიშვნებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თუმცა, მანვე იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციებს გამიჯნავს.

ქართული ოცნების მხრიდან მის კრიტიკაზე კომენტარისგან პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავი შეიკავა.

„მე არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას, თუ შეურაცხყოფას. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც მქონდა ოპოზიციასთანაც და ოცნებასთან“, – განაცხადა მან.

ქართული ოცნების პოზიცია სანქციებზე, ოპოზიციის „ომის პარტიად“ მოხსენიება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მკაფიო უარზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ რატომღაც ვთვლით საჭიროდ, რომ უარი ვთქვათ რაღაცებზე“, რასაც ქვეყნისგან არ ითხოვენ.

„მე არ მესმის, რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ. არანაირი მოთხოვნა არ არის დამატებითი სანქციების“, – განაგრძო მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე უარყო მმართველი პარტიის მტკიცება, რომ საზღვარგარეთიდან და ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიებიდან საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის კოორდინირებული ძალისხმევა ხორციელდება.

„არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტია, თუ ომის პარტიები საქართველოში“, – აღნიშნა მან. „არა მგონია, რომ ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე… ჩვენ ვიცით, რომ არც მეორე ფრონტის საშუალება და არც სურვილი არა გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“.

პრეზიდენტის თქმით, „გასაგებია“, რომ უკრაინის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოხატა სურვილი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, ვინაიდან „როცა ომში ხარ და გინდა ამ სიტუაციაში იყო გამარჯვებული, ეძებ საიდან შეიძლება იყოს რაღაც ფორმა“.

„მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები მეორე ფრონტის, ეს არასწორია, იმიტომ, რომ პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა“.

სოლიდარობა უკრაინასთან

კითხვაზე – კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად? – პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არავინ არ გვთხოვს იმას, რაც ჩვენ ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება“.

რაც შეეხება ქართული ოცნების უარს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო იმ მცირე რაოდენობის ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

„ეს ხომ არაფერს არ ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, საქართველოს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს და ევროკავშირის დროშების გვერდით, უკრაინის და მოლდოვას დროშებიც უნდა დაეკიდა.

„თუ ეს ტრიო [საქართველო, უკრაინა და მოლდოვა] ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და თუ უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი, თუ რატომ არის აჩქარებული ეს პროცესი, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერი ზოგჯერ“.

პრეზიდენტმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, შესთავაზა თუ არა მან ეს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button