ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღის სიტყვის გამო პრეზიდენტს აკრიტიკებს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „პრაქტიკულად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე“.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილმა „ყოველგვარი არგუმენტების გარეშე“ გააკრიტიკა ქვეყნის სასამართლო სისტემა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი შეუერთდა „სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ“ და სცადა „სასამართლო სისტემის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი“.

„ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს როგორც ინსტიტუტების გარანტს“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

„სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა მან.

თავის სიტყვაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მკვიდრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ „საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“.

„ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი“, – აღნიშნა მან. „გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას“.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, პრეზიდენტმა მე-13 და მე-14 საუკუნეები გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის კრიტიკა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაჟღერდა.

მანამდე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის პარიზსა და ბრიუსელში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტების გამო. ქართული ოცნებამ მაშინ ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ბრალდება დიპლომატიური დანიშვნების დაბლოკვის თაობაზე, ხოლო თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობის უარის შემდეგ, იგი იძულებული გახდა პირადი კავშირები გამოეყენებინა პარიზსა და ბრიუსელში ლიდერებთან შესახვედრად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button