ახალი ამბები

დავა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პრეზიდენტ ზელენსკის საპარლამენტო მიმართვაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის პოტენციური მიმართვის შესახებ ინიციატივა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დავა მოჰყვა.

ინიციატივა თავდაპირველად პარტია ლელომ 17 მარტს გააჟღერა, რასაც მხარი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც დაუჭირა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად იყო, რომ საქართველოს პარლამენტიდან ქართველი საზოგადობისთვის მიემართა.

ლელომ ოფიციალური წინადადებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სიტყვით გამოსვლისთვის უცხოელი ლიდერების მოსაპატიჟებლად ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს.

„მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების არაერთმა განცხადებამ დააზიანა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია დღეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მოიწვიოს პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა დღეს ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტს ინიციატივით არა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, არამედ ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართეს. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, ქართული ოცნება არც კი განიხილავს“.

მანვე ოპოზიცია „სიტუციის არევის“ მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათი მიზანია, საქართველო „ისეთ რამეში ჩაითრიონ, რაც „გამოუსწორებელი იქნება“.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ასევე უარყო ოპოზიციის შეთავაზება. მანვე ურჩია ნაციონალურ მოძრაობას, რომ უკრაინის მთავრობასთან „მჭიდრო კონტაქტები“ მათთვის სიმართლის თქმისთვის გამოიყენოს.

„ხატია დეკანოიძის, ნაცმოძრაობის და ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არ წარდგება, თუ რის გამო წარსდგება [და] რის გამო არ წარსდგება, საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა მან.

„ამას, საჭიროების შემთხვევაში, დააინიცირებს ან საქართველო და მისი ხელისუფლება ან უკრაინა და მისი ხელისუფლება და ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე, როდის არის საჭირო, რატომ, როგორ და ა.შ.“, – ხაზი გაუსვა მდინარაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button