skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება უკრაინას ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს

„უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ“, – განაცხადა დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის 4 აპრილის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი ელოდება „მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს“, რომ თბილისი მოსკოვს არ ეხმარება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე მითითებით, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“.

„[ამას] დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან“, – დასძინა მან.

„მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, – თქვა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

მისი შეფასებით, ამგვარი განცხადებების უკან, „საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი [გიორგი ლორთქიფანიძე]“.

„კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მანვე დასძინა, რომ „უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული“.

მდინარაძის მტკიცებით, „ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია“.

„ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს“, – ხაზი გაუსვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

მანვე განმარტა, რომ კიევს საყვედურიც კი არ უთქვამს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც „არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“.

მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს, მათ შორის იყო ევროსაბჭო, სადაც რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარია, ასევე გაეროში, სადაც შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო, ასევე ეუთოსა და ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით.

მიუხედავად ამისა, მდინარაძის თქმით, „საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად“.

„ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა“, – განაცხადა მან.

„მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას“, – განაცხადა მან.


მედია იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ კიევს რომ არ მოეხდინა „გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ისინი ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და სანქციების გავლენა რუსეთზე მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი“.

კულებამ განაცხადა, რომ კიევი თბილისისგან ინფორმაციას ელოდება და თუკი მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდგომ ქმედებებს ამის შესაბამისად გადაწყვეტს.

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის კორიდორებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.

უკრაინული მხარის ბრალდება თბილისსა და კიევს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციისა“ და მოხალისე მებრძოლების ჩარტერული რეისით გაგზავნაზე უარის შემდეგ, თბილისიდან ელჩიც გაიხმო.

საგულისხმოა, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან მომდინარე კრიტიკის ფონზე, რუსეთმა ქართული რძის პროდუქტების იმპორტი დაუშვა, რაც თბილისში ქართული კომპანიებისთვის „კარგ შესაძლებლობად“ შეაფასეს.

კიევიდან გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მთავრობის წევრები „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის“ მოხდენას ცდილობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button