Placeholder canvas
ახალი ამბები

დუმის დეპუტატი აფხაზეთში რუსული ენის შესაძლო დისკრიმინაციაზე საუბრობს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას სოხუმში უთანხმოება მოჰყვა მას შემდეგ, რაც მან შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის „კანონმდებლობის“ თაობაზე, რომელიც „დეპუტატებისთვის“ აფხაზური ენის ცოდნას სავალდებულოს ხდის.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ კალაშნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კანონმდებლობა „ფორმალურად აფხაზური ენის მხარდაჭერისკენაა მიმართული, რეალურად კი – რუსული ენის დისკრიმინაციას გამოიწვევს“.

„ასეთი ინიციატივები ეთნიკურ წინააღმდეგობას გაამწვავეს, რუსული ენის სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნებათშორისი ურთიერთობის დე ფაქტო საშუალებას წარმოადგენს“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ინალ არძინბა.

უკრაინაზე მინიშნებით, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ „ასეთი ზედაპირული მიდგომა ამ სფეროში ოკუპირებულ რეგიონში არსებულ სიტუაციას გააუარესებს.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რომ კალაშნიკოვმა სოხუმს მოსკოვთან „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სფეროს“ შექმნის შესახებ შეთანხმების განხორციელების დაჩქარებისკენ მოუწოდა, რაც აფხაზეთის კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციის გზით, კერძოდ კი – უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებით უნდა მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი და სოხუმი შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბონ, რომელიც ფსოუს გამშვები პუნქტის გაუქმებაზე იმუშავებს.

ინალ არძინბას პასუხი

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა კალაშნიკოვის განცხადებას 25 მაისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობა „საიმედოდ იცავს რუსული ენის სტატუსს, უფლებას აძლევს ყველა მოქალაქეს მაქსიმალურად და დაუბრკოლებლად გამოიყენოს რუსული ენა საქმიანობის ყველა სფეროში“.

მისი თქმით, ოკუპირებული რეგიონის „კონსტიტუციის“ თანახმად, რუსული ენა, აფხაზურთან ერთად, ხელისუფლების ორგანოებში ოფიციალური ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს.

არძინბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ყველა მოსახლეს „გარანტირებული აქვს განათლების მიღების [შესაძლებლობა] აფხაზურ და რუსულ ენებზე“.

აფხაზეთის რუსული თემი „რაიმე შევიწროებას“ უარყოფს 

26 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, აფხაზეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მათ შორი, აფხაზეთის რუსულმა თემმა და აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმიამ, ხაზი გაუსვეს, რომ რუსული ენა აფხაზეთში „არანაირ შევიწროებას არ განიცდის და მისი გაქრობის საფრთხე არ არსებობს“.

ხელმომწერებმა კალაშნიკოვის განცხადებას აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის მიმართ „დაუშვებელი და არამეგობრული გამოხტომა უწოდეს“, რომლის მიზანიც „რესპუბლიკაში და ჩვენს ქვეყნებს შორის ეროვნებათშორისი დაძაბულობის შექმნაა“.

„რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩვენი თანამემამულის ეს გაუგებრობა არ გახდება აფხაზეთის საზოგადოების შიგნით და ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის ნაციონალური დაძაბულობის მიზეზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერების თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში აფხაზური კანონმდებლობა რამდენიმე ეთნიკურად რუსი დეპუტატის სავალდებულო კვოტებს შემოიღებს საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც შეძლებენ 22 000 რუსის ინტერესი დაიცვან აფხაზეთში და გაამყარონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.

აფხაზეთის ოპოზიცია კალაშნიკოვს „შემაშფოთებელი“ განცხადების გამო აკრიტიკებს 

რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“ 27 მაისს აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ადგურ არძინბას სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კალაშნიკოვის განცხადება „შემაშფოთებელი“ იყო.

არძინბას თქმით, კანონმდებლობის მიღება აუცილებელია, რადგანაც აფხაზურ ენას „საფრთხე ემუქრება“. მან საკომიტეტო მოსმენაზე მყოფი აფხაზური დელეგაცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ უთხრეს კალაშნიკოვს „რეალურად როგორია ვითარება“.

არძინბამ ხელისუფლებაც გააკრიტიკა „არასწორი სიგნალების“ გაგზავნისა და „ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე ვაჭრობის“ გამო.

ოპოზიციის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსული ენის საკითხი საერთოდ არ უნდა განეხილათ სხდომაზე და რომ იქ მხოლოდ ფსოუს გამშვებ პუნქტზე უნდა ემსჯელათ. „დღის წესრიგის ასეთი საკითხები წინასწარ განიხილება“, – დასძინა მან.


აფხაზეთის წინა მოწვევის „პარლამენტმა“ „დეპუტატების“ არჩევის შესახებ კანონში ცვლილებები 21 მარტს მიიღო. შედეგად, „დეპუტატებისთვის“ სავალდებულო გახდა როგორც აფხაზურის, ისე რუსულის ცოდნა.

„აფსნიპრესის“ ცნობით, ცვლილებები ძალაში 2027 წელს შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემდეგი მოწვევის „საკანონმდებლო ორგანოს“ შეეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button