ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი რუს დეპუტატს „შიდა საქმეებში ჩარევის“ გამო აკრიტიკებს 

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი, ოლეგ კოლესნიკოვი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც მან სოხუმში 21 დეკემბერს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას და შემდგომ არეულობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ამას გარდა, ადგილობრივ აფხაზურ ტელევიზიასთან საუბრისას, რუსმა დეპუტატმა სოხუმის არეულობას „არასწორი“ და „არადემოკრატიული“ უწოდა და ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების „სწორ და თანმიმდევრულ“ რეაგირებას მიესალმა.

იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ „საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა“ და დასძინა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები სოხუმის მოსკოვთან ურთიერთობაზე და რუსი ტურისტების გადაწყვეტილებებზე აისახება. „დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური განვითარება და აფხაზეთის აყვავება ძლიერ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“.

საპასუხოდ, ადგურ არძინბამ, აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის თავმჯდომარემ, მიმართა რუს დეპუტატს, რომ 21 დეკემბრის მოვლენები მისი შესაფასებელი არ არის.

„ამისათვის აფხაზეთში სამართალდამცავი სტრუქტურები გვყავს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ვერ დავუშვებთ [საქმესთან] კავშირის არმქონე პირთა ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის დეპუტატის განცხადების შესაფასებლად რუსეთის სახელმწიფო დუმას, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ და რუს დიპლომატებს მიმართავს.

ოპოზიციის ლიდერმა აფხაზეთის ხელისუფლებაც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კოლესნიკოვი, სავარაუდოდ, მათ შეიყვანეს შეცდომაში და იგი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს. ამ კონტექსტში, არძინბამ აღნიშნა, რომ სოხუმში ვიზიტის დროს, რუსმა დეპუტატმა კომენტარი აფხაზეთის „პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“ გააკეთა.

არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ კოლესნიკოვი სახელმწიფო დუმის კონკურენციის დაცვის კომიტეტის წევრია და დასძინა, რომ თუ ის აფხაზეთში პირადი მიზნით იმყოფებოდა, მან თავი უნდა შეიკავოს „შიდა საქმეებში“ ჩარევისგან.

21 დეკემბერს, აქციაზე გამოსვლისას, ოპოზიციის ლიდერმა აფხაზეთის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ არ ესმით „სუვერენიტეტის კონცეფცია“ და „არ იციან როგორ მართონ დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვაც გამოეხმაურა. არეულობასთან და რუსეთთან „სუვერენიტეტის გაყოფასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „ყურადღებით ადევნებს თვალს“ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენი ქვეყნები მუდმივად აშენებენ და აძლიერებენ მრავალფეროვან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს“, – განაცხადა ზახაროვამ. „ამავე დროს, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტის და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები უცვლელი რჩება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button