ახალი ამბები

აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი აგენტების შესახებ კანონს უპირისპირდებიან

352-მა აფხაზმა აქტივისტმა და რიგითმა მოქალაქემ 27 იანვარს „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მიმართვას“ მოაწერა ხელი, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვსა და სოხუმს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში ინიცირებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის თაობაზე.

მკაცრ მიმართვაში, რომლის ადრესატებიც აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია, „პრემიერ-მინისტრი“, ალექსანდრე ანქვაბი და „პარლამენტის სპიკერი“, ვალერი კვარჩია არიან, ნათქვამია, რომ კატეგორია „უცხოელი აგენტი“ არის „ყალბი და პროპაგანდისტური კლიშე“ და მიღების შემთხვევაში, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი „რეპრესიული იარაღი“ გახდება.

ხელმომწერთა თქმით, კანონის მიღება „ტოტალიტარული წარსულის იდეოლოგიური სქემების აღდგენის“ ტოლფასი იქნება, სადაც „არასასურველთა წინააღმდეგ კოლექტიური ბრალის პრინციპი გამოიყენებოდა, როდესაც ფორმალური ნიშნით, არასანდოთა რიცხვს მთელ სოციალურ ჯგუფებს მიაწერდნენ“.

მიმართვაში ნათქვამია, რომ კანონის მიღებას აუცილებლად მოჰყვება არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაცია, ვინაიდან სამოქალო ორგანიზაციების თანამშრომლები არცერთი დღე არ იცხოვრებენ „უცხოელი აგენტის“ ცილისმწამებლური იარლიყით.

აღნიშნეს რა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის დარეგულირება აფხაზეთის შიდა საქმეა და მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს როგორც აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე აფხაზეთის დემოკრატიულ ფუნქციონირებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების იდეა სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობანი როლის აღიარების მიუხედავად მაინც ხორციელდება, უნდა დავასკვნათ, რომ ამგვარი დღის წესრიგი დიდწილად გამოიწვია არასამთავრობო სექტორის როლის არასწორმა შეფასებამ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია მიმართვაში.

ხაზი გაუსვეს რა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს სტრუქტურებთან მათი მუშაობის მნიშვნელობას, ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის მისაღებობის და სარგებლიანობის დადგენის კრიტერიუმი არ უნდა იყოს დაფინანსების საერთაშორისო წყაროები (რომლებიც ყოველთვის გამჭვირვალეა), არამედ ის, თუ რამდენად ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საზოგადოების რეალურ ინტერესებს, აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, იცავს ჩვენი კონსტიტუციით გაცხადებულ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს“.

ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის ურთიერთობები კვლავ ტრადიციებზე, აფხაზი ხალხის ეროვნულ მენტალიტეტზე, შიდა დიალოგსა და კონსენსუსზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა მოსკოვთან შეთანხმებებზე.

აქტივისტების თქმით, არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვა ხელს შეუწყობს „’ოკუპაციის’ შესახებ ყალბი ქართული თეზისის განმტკიცებას“, რის წინააღმდეგაც „თანმიმდებრულად და არცთუ წარუმატებლად იბრძვიან აფხაზეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით“.

მიმართვის ხელმომწერებმა ასევე აღნიშნეს, რომ არასამთავრობო სექტორი „საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის ერთერთი არხია, რომლის გადაკეტვაც არ შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი საერთაშორისო აღიარების გაფართოებისკენ ისწრაფვის“.

მიმართვას წინ უძღვოდა რუსეთის იუსტიციის მინისტრისა და მისი აფხაზი კოლეგის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც 2020 წლის ბოლოს მიღებული საერთო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი აგენტების სამართლებრივ რეგულირებას ითვალისწინებს.

ხელმომწერთა შორის არიან – პოლიტოლოგი ნათელა აკაბა, რომელიც 2020 წელს აფხაზეთის საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა; არდა ინალ-იპა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრიდან; ალხას ტხაგუშევი – ასოციაცია „ინვა – დახმარება“; ბატალ კობახია, ყოფილი დეპუტატი და ომის ვეტერანი; ვახტანგ უბირია (ეთნიკურად ქართველი) – სს „თაობა მოქმედებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button