skip to content
ახალი ამბები

საგარეო მინისტრი ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დანიშნეს

ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.

ზალკალიანს ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დილით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა: „ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი“.

„ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი არის კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, — დასძინა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა თქვა: „ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოვადგენდე საქართველოს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე პირობას გაძლევთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ უკვე ახალ პოზიციაზე“.

„პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა,“ — დასძინა აწ უკვე ყოფილმა საგარეო მინისტრმა.

ახლადდანიშნულმა მინისტრმა დარჩიაშვილმა კი აღნიშნა, რომ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ“.

41 წლის ილია დარჩიაშვილი ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომატს საფრანგეთის გრენობლის მენეჯმენტის სკოლიდან.

კარიერის გარიჟრაზე, 2003-2012 წლებში დარჩიაშვილი ბანკ რესპუბლიკაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, საიდანაც, 2012-2014 წლებში იგი პოლონეთში საქართველოს საელჩოში გადავიდა.

2014 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობისას, დარჩიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გახდა. 2015 წელს, მცირე ხნით, იგი ამავე ფონდის დირექტორადაც მსახურობდა.

მალე, 2015 წელს იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გადავიდა.

2016-2017 წლებში დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი იყო.

2017-2021 წლებში დარჩიაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩად მუშაობდა, სანამ 2021 წლის მარტში პრემიერად დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button