Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის „სასამართლომ“ ბესლეთის ჰესის გაყიდვის გადაწყვეტილება გააბათილა 

ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ახლადარჩეული დეპუტატის, კან კვარჩიას მფლობელობაში არსებული 1908 წელს აშენებული ბესლეთის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია ბათილად ცნო. მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო კოლეგიაში გაასაჩივრონ.

11 მარტს „სასამართლომ“ დააკმაყოფილა „პროკურატურის“ შუამდგომლობა, რომელიც აცხადებდა, რომ წინა „მინისტრთა კაბინეტის“ მიერ 2020 წლის მარტსა და აპრილში მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგიონის უძველესი ჰესის პრივატიზაცია გახდა შესაძლებელი, ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის კანონებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ელექტროენერგიის შესახებ.

„სასამართლომ“ ბათილად ცნო „მინისტრთა კაბინეტის“ მიერ 2020 წლის მარტსა და აპრილში გამოცემული ორი განკარგულება – ერთი „ბესლეთჰესის“, მეორე კი პრივატიზებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში ჰესის შეტანის შესახებ. ამას გარდა, „სასამართლომ“ ბათილად ცნო „საკანონმდებლო ორგანოს“ მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომლითაც 2020 წლის ივნისში ობიექტების სია დამტკიცდა.

დეკემბერში გავრცელებულ განცხადებაში, „პროკურატურამ“ აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი“ კანონდარღვევით, აფხაზეთის „პარლამენტის“ თანხმობის გარეშე გაიყიდა. თუმცა, „სასამართლომ“ ასევე გააბათილა „პარლამენტის“ დადგენილება, რომელიც, როგორც „პროკურატურა“ ამბობდა, არ არსებობდა.

უცნობია, რა მოტივით გააბათილა „სასამართლომ“ პრივატიზაციის შესახებ დეპუტატების დადგენილება.

დეკემბერში, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი განხეთქილება ჩამოვარდა, ოპოზიციური ჯგუფის „აიდგილარას“ თავმჯდომარემ, კან კვარჩიამ, რომელმაც ჰესი 4 მილიონ რუბლად შეისყიდა, „პროკურორები“ „პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებაში“ დაადანაშაულა.

კვარჩიას თქმით, ისტორიული ძეგლის ყიდვისას, მან ყველა სამართლებრივი პროცედურა გაიარა და რომ კონკურსის შესახებ განცხადება საჯარო იყო და ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button