Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებს აუქმებს 

ქართული ოცნება პარლამეტის რეგლამენტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით იღებს, რათა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დანიშვნის მექანიზმში ცვლილებები შეიტანოს.

სამი მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება კიდევ ერთი გადახვევა იქნება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებიდან.

კომპრომისული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ივნისში მიღებული წესების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით აირჩევიან. წარუმატებელი კენჭისყრის შემთხვევაში, კიდევ ერთი კენჭისყრა, იმავე ბარიერით გაიმართება არაუახლოეს ოთხი კვირისა. თუ დეპუტატები კანდიდატებს კვლავ ვერ აირჩევენ, მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, შემდგომ მცდელობებს კი – ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

ახალი წესების დამტკიცების შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაუყოვნებლივ არჩევა იქნება შესაძლებელი უბრალო უმრავლესობით, თუ პირველ ჯერზე მათი არჩევა ხმების 2/3-ით ვერ მოხერხდება. კენჭისყრებს შორის მინიმალური პერიოდიც აღარ იქნება.

არსებული კანონმდებლობით, თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს ხმების 2/3-ზე ნაკლები ხმებით აირჩევს, მათი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, ნაცვლად ხუთწლიანი. ამ დებულებას ცვლილებები არ შეეხება.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და პროფესიული ნიშნით არჩეული ორი წევრი სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატებმა ხმათა უბრალო უმრავლესობით აგვისტოში აირჩიეს. მათი ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ამოიწურება.

ცვლილებების პროექტის ავტორებმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა და დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადეს, რომ ცვლილებები იმისთვის გახდა საჭირო, რომ რუსთავში მაისში დაგეგმილი შუალედური არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის არასრულმა შემადგენლობამ არ ჩაატაროს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი მას შემდეგ, რაც მათი ვადა ამოიწურება, შესაძლოა არსებული წესებით ოთხი თვე გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ პარტიები კვლავ ვერ მიაღწევენ შეთანხმებას კანდიდატებზე. ეს პროცესი მაისამდე გაგრძელდება, როდესაც შუალედური არჩევნების ჩატარება კანონითაა გათვალისწინებული.

ქართული ოცნება აპირებს, რომ პროცესი დააჩქაროს და ცვლილებები კვირის ბოლომდე, საპარლამენტო სესიის დახურვამდე მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების მიღება 2022 წლის თებერვლამდე, საგაზაფხულო სესიის გახსნამდე ვერ მოხერხდება.

შემოთავაზებულ ცვლილებებს წინ უძღვოდა ქართული ოცნების მიერ პოზიციის შეცვლა გენერალური პროკურორის (პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5) დანიშვნის თაობაზე. მმართველმა გუნდმა საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე შემცირებისა და მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლაზეც მიანიშნა. ქართულმა ოცნებამ, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმება ივლისში დატოვა, პირობა დადო, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც პარლამენტმა თავდაპირველად ცესკოს წევრთა დანიშვნის ახალი წესი მიიღო, ქართული ოცნების დეპუტატებმა 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ, ცვლილებებში ერთჯერადი დებულება შეიტანეს, რის შედეგადაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის კენჭისყრებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან 1 კვირამდე შემცირდა.

 „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა“, რომლის მიზანიც მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილებაა.

„მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ცესკოს პროფესიული შემადგენლობის მაღალი კვორუმით დაკომპლექტება იყო, რაც „პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას გულისხმობდა“.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ სათანადო ძალისხმევა არ გასწია პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრისათვის მისაღები კანდიდატის შესარჩევად ზაფხულში, როდესაც ქართულ ოცნებას უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button