skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო 

საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს ერთხმად მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ცვლილებები პარლამენტმა ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე დაამტკიცა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული „ფრაგმენტული“ ცვლილებები ცოტა ხნის წინ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი „სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას“.

მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით“.

იუსტიციის საბჭოს წევრის ვინაობა და მის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის „კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების“ კრიტერიუმებით შეფასება საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.

თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს დასაბუთებასთან ერთად არ გადასცემს საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს შესაბამის პროცედურაში და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საბჭოს წევრი აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი აცნობებს წევრს ამ ხარვეზის თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელს შეუძლია ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს კანდიდატთა საბოლოო შერჩევის პროცედურაში. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კანდიდატთა საბოლოო სიაზე კენჭისყრის პროცედურის შეცვლას. პარლამენტში წარდგენამდე, უპირველეს ყოვლისა, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატს. ის პირები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მიიღებენ, პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატებად.

კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრმა თითოეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის წერილობითი დასაბუთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უნდა წარუდგინონ. წარდგინება, კენჭისყრის შედეგები, საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმოს. მას შემდეგ, რაც საბჭო განახლებულ გადაწყვეტილებას წარადგენს, მისი გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

ახალი ცვლილებები ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად შემოთავაზებულ დოკუმენტშიც შევიდა, თუმცა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ლიდერებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ცვლილებები მაინც იქნებოდა მიღებული.

მოლაპარაკებების ჩაშლამდე, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საწყისი ნაბიჯი „აუცილებლად“ უნდა იყოს „არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button