ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს

საქართველოს პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, თუმცა კენჭისყრაზე ვერ მოხვდა ამავე შეთანხმებით განსაზღვრული გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი.

საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული კანონი დაადგენს 2%-იან საარჩევნო ბარიერს მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლებიც პროპორციული წესით ჩატარდება. ცვლილებები ასევე გულისხმობს საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შემცირებას შვიდიდან ოთხამდე.

ქართულმა ოცნებამ გუშინ უკან წაიღო უწინდელი თანხმობა გენერალური პროკურორის შერჩევის წესის შეცვლაზე. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომლიდანაც „ქართული ოცნება“ ივლისში გავიდა, ახალი წესის მიღების შემთხვევაში, გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე პარლამენტს გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით, საერთო ხმათა 3/5-ით უნდა მიეღო. პროკურორის უბრალო უმრავლესობით (76 ხმა) არჩევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის პირველი ორი მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა.

უბრალო უმრავლესობით არჩეული პროკურორი მხოლოდ ერთი წლის ვადით შეძლებდა საქმიანობას, ნაცვლად დადგენილი 6 წლისა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აღნიშნულ ჩანაწერს მანამდე „აბსურდული“ უწოდა, დღეს განმარტა, რომ ეს წესი მაინც აძლევდა უმრავლესობას სასურველი კანდიდატის არჩევის საშუალებას და მოკლე ვადით დანიშვნა პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხზე უარყოფით გავლენას იქონიებდა. 

პროკურორის არჩევის წესის შეცვლის შესახებ ჩანაწერის ამოღების მიმართ მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. „[„ქართული ოცნების“ წევრებმა] სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს გარდა იმისა, რომ დავეთანხმოთ ამ ცვლილების ამოღებას, თუმცა ამით უარს არ ვამბობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ.

განსხავებული პოზიცია დააფიქსირა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა. Მისი აზრით, მსგავსი „კვაზიდემოკრატიული მოდელები“ კონსტიტუციაში არ უნდა იწერებოდეს, რადგან „საბოლოო ჯამში უფრო მძიმე შედეგს იძლევა“. „ჩვენ მივიღებთ ერთი წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შეეცდება, დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამს, ვიდრე არსებული გადადგამდა”. 

Პლენარული სხდომის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსმა“ აღნიშნული დებულების ამოღება პროკურორის დანიშვნის პროცესზე მმართველი პარტიის მიერ “სრული კონტროლის” შენარჩუნების მცდელობად შეაფასა და „ქართულ ოცნებას “ მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროკურორის შერჩევის კონსენსუსზე დაფუძნებულ წესს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button