ახალი ამბები

საზოგადოებრივი განწყობები NDI-ის კვლევაში

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 25 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, ეკონომიკის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისა და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოქალაქეების განწყობებს ასახავს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა, აგვისტოს კვვლევასთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 39%-დან 32%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი – საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.1%-ია.

ეკონომიკა

სამუშაო ადგილები (46%), სიღარიბე (37%), ინფლაცია (31%), ტერიტორიული მთლიანობა (22%), კოვიდ-19 (16%) და განათლება (11%), რეპონდენტებმა ეროვნული მნიშნველობის საკითხებად დაასახელეს. მათ სამი სასურველი პასუხის არჩევის უფლება ჰქონდათ.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 32% ამბობს, რომ მათი ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებლი გაუარესდა; 23%-ის თქმით, უკეთესობისკენ შეიცვალა; 45%-ის განცხადებით კი – იგივე დარჩა.

გამოკითხულების 59% (67% 2020 წლის აგვისტო) ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 45% (33% 2020 წლის აგვისტო), ფასების ზრდას, 28% (22% 2020 წლის აგვისტო) სიღარიბეს, 27% (18% 2020 წლის აგვისტო) ლარის გაუფასურებას.

ევროკავშირი და ნატო

ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტების 80% ემხრობა (76% 2020 წლის აგვისტო), 8%-ისთვის მიუღებელია, 12%-მა კი – არ იცის. ბლოკში გაერთიანებას უფრო მეტად (84%) 18-34 წლის ახალგაზრდები ემხრობიან.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისაღები გამოკითხულების 74%-ისთვის (69% 2020 წლის ივნისი) არის, 9% ნატოში ინტეგრაციას არ ემხრობა, 16%-მა არ იცი. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეასაც უმეტესად (78%) 18-34 წლის ასაკის ახალაზრდები ემხრობიან.

ჯანდაცვა და ვაქცინაციის მიმართ განწყობები

ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად, გამოკითხულების 46% მედიკამენტების საფასურს ასახელს, 25% პანდემიის სხვადასხვა გამოწვევას, 16% კოვიდ-19-თან მიმართებით საავადმყოფოების ხელმისაწვდომობას, 14% კვალიფიციური მედპერსონალის ნაკლებობას, 13% საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას (რესპონდენტებს სამი სასურველი პასუხის არჩევის უფლება ჰქონდათ).

რესპონდეტების 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კოვიდ-19-ის პანდემიას კარგად გაუმკლავდა, 33% ფიქრობს, რომ ცუდად, 7%-მა კი არ იცის. პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით ხელისუფლების საქმიანობას დადებითად უფრო მეტად (66%) და ნაკლებად უარყოფითად (27%) სოფლად მცხოვრები მოქალაქეები აფასებენ. მთავრობის საქმიანობის ყველაზე ნაკლებად (55%) კმაყოფილნი თბილისში მცხოვრებნი არიან. ამასთან დედაქალაქის მკვიდრების 38% ამ მიმართულებით მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს პანდემიასთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ჰკითხეს. 39%-მა უპასუხა, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის; 33%-ის მოსაზრებით, ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ; 6%-ისთვის კი – კოვიდ-19 დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გამოკითხულების 41% (38% 2020 წლის აგვისტო) ამბობს, რომ ვაქცინას თავადაც გაიკეთებდა და შვილსაც აცრიდა; 41%-მა (46% 2020 წლის აგვისტო) თქვა, რომ არც თავად აიცრებოდა და არც შვილს აცრიდა; 17%-მა კი – არ იცის.

NDI-ის ცნობით, გამოკითხული კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. ასევე, ვაქცინაციაზე, დიდი ალბათობით, უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო დათანხმდებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონენი.

აგრეთვე, კვლევის მიხედვით, ვაქცინაციაზე თანხმობას უფრო ნაკლებად ახალგაზრდები და თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ. თბილისში ვაქცინაციაზე თანხმობას 39% იტყოდა, უარს კი – 42%. აცრაზე უარს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 42%-42% იტყოდა. აცრას 18-34 წლის გამოკითხულები ახალგაზრდების მხოლოდ 39% გაიკეთებდა, 45% კი – არა. 55 წლის ზემოთ ასაკის გამოკითხული მოქალაქეების 44% აიცრებოდა, 38% კი – არა.

კითხვაზე – „გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის მკურნალობის შესახებ?“ – 86%-მა უპასუხა, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციას ფლობს, 77%-ის თქმით კი – მისი სახლში მკურნალობის მეთოდების შესახებ ინფორმირებულია. გამოკითხულების 65%-მა თქვა, რომ იცის უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასად ტესტი სად გაიკეთოს.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება, საპარლამენტო არჩევნები

მთავრობის საქმიანობას დადებითად რესპონდენტების 50% (30% 2019 წლის ნოემბერი) აფასებს, უარყოფითად 38% (64% 2019 წლის ნოემბერი).

გამოკითხულების 46% (21% 2019 წლის ნოემბერი) პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს, ცუდად 17% (35% 2019 წლის ნოემბერი).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობად კარგად 24%-მა შეაფასა, ცუდად 31%-მა, საშუალოდ 27%-მა, 18%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

გამოკითხულების მხოლოდ 15% აფასებს პარლამენტის საქმიანობას დადებითად, უარყოფითად კი – 34%. პრეზიდენტთან მიმართებით ეს მაჩვენებლები 15% და 36%-ის ტოლია, სასამართლოებთან მიმართებით კი – 13% და 29%. ამ უკანასკნელის საქმიანობას საშუალოდ 30% აფასებს, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე 29%-მა.

„იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“, – თქვა გამოკითხულების 76%-მა, 13% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 12%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

„იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს“, – ამ მოსაზრებას რესპონდენტების 82% იზიარებს.

რესპონდენტების 94%-მა თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოწესრიგებული იყო; 89%-მა აღნიშნა, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი; 10%-ის თქმით, საარჩევნო უბნები გადაჭედილი იყო, 89% კი – ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა; 7%–ის განცხადებით, გარემო შემავიწროებელლი იყო, 92%-ის თქმით კი – არა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button