ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები მოსკოვის მოთხოვნებს აკრიტიკებენ და ნატოს ღია კარის პოლიტიკას ემხრობიან 

აშშ-ის სენატის NATO-ს დამკვირვებელთა ორპარტიული ჯგუფის წევრებმა უსაფრთხოების შესახებ რუსეთის მოთხოვნები, მათ შორის, ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე უარის თქმა, გააკრიტიკეს და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს.

10 იანვარს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში, ცხრა ამერიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებს „არაგონივრულად“ მიიჩნევენ.

სენატორების თქმით, ეს მოთხოვნები წარმოადგენს მცდელობას, ხელახლა შეიქმნას „რუსული გავლენის სფერო ევროპაში, სადაც კრემლს თავისუფლად შეეძლება დააშინოს და ზეწოლა მოახდინოს“ უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პოლონეთსა და რუმინეთზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიჩინოს სიმტკიცე და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადეს სენატორებმა და რუსეთის პრეზიდენტისთვის კოორდინირებული პასუხის გასაცემად, აშშ-ის მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადეს.

სენატორებმა თეთრ სახლს მოუწოდეს, რომ კვლავაც დაგმოს „მოსკოვის სამხედრო მუქარები და პროვოკაციები ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, განსაკუთრებით 11 იანვარს მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ გამართული დიალოგის, ასევე მიმდინარე კვირას დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრისა და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის ფონზე.

მათ „ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა“ გამოხატეს რიგი საკითხების მიმართ, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ აეკრძალოს რუსეთს „ჰქონდეს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე“, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა არ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილებები ან არ გამართონ რაიმე დისკუსიები საქართველოს და უკრაინის შესახებ კიევისა და თბილისის მონაწილეობის გარეშე, გაიზარდოს ნატოს სამხედრო კონცენტრაცია შავ ზღვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსული აგრესიის შესაკავებლად.

ამას გარდა, სენატორებმა განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ პუტინსა და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი „კვლავაც შეუქმნიან საფრთხეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოებას“.

წერილს ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი), მარკო რუბიო (რესპუბლიკელი, ფლორიდა), ტომ ტილისი (რესპუბლიკელი, ჩრდილოეთ კაროლინა), კრის კუნსი (დემოკრატი, დელავერი), ჯონი ერნსტი (რესპუბლიკელი, აიოვა), ჯეფ მერკლი (დემოკრატი, ორეგონი), მაიკ რაუნდსი (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა), კორი ბუკერი (დემოკრატი, ნიუ-ჯერსი) და ჯონ ბარასო (რესპუბლიკელი, უაიომინგი).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button