skip to content
ახალი ამბები

მოსკოვის პროექტი ნატოსა და აშშ-ს ალიანსში პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების მიღებაზე უარისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს გადასცა რუსეთსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სავარაუდო ხელშეკრულებისა და რუსეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელთა თანახმადაც რუსეთი აშშ-ისგან და ნატოსგან უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს მოითხოვს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, და შესაბამისად, საქართველოში აშშ-სა და ნატო-ს ნებისმიერი სამხედრო ქმედების აკრძალვის ჩათვლით.

შემოთავაზებული შეთანხმება ავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ განათავსოს სამხედრო ბაზები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არ გამოყენოს მათი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი სამხედრო ქმედებისთვის და არ განავითაროს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა მათთან. 

შეთანხმება უკრძალავს აშშ-ს და რუსეთს საკუთარი შეარაღებული ძალების ან შეიარაღების ისეთ ადგილებში განთავსებას, „სადაც ამგვარი განთავსება მეორე მხარის მიერ მისი ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხედ იქნება აღქმული“, გარდა საკუთარი ტერიტორიისა. 

შეთანხმება ასევე შეიცავს დებულებას, რომელიც ორივე ქვეყანას უკრძალავს ბომბდამშენების და ნებისმიერი ტიპის სამხედრო ხომალდების შესვლას სხვის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებში, საიდანაც „ისინი შეძლებენ სამიზნეს დაესხან თავს“. 

ანალოგიური შეზღუდვები უკრძალავს ორივე მხარეს სახმელეთო ბაზირების საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების, ასევე ბირთვული იარაღის განთავსებას საკუთარი ტერიტორიის მიღმა, ასევე საკუთარი ტერიტორიის ისეთ რაიონებში, საიდანაც სამიზნეზე თავდასხმას შეძლებენ. 

რაც შეეხება ნატოსთან დაკავშირებულ შემოთავაზებას, მოკავშირე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომელიც გამორიცხავს ნატოს შემდგომ გაფართოებას, მათ შორის უკრაინის და სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებას. 

ამას გარდა, შეთანხმების მხარეებმა უარი უნდა თქვან უკრაინაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამხედრო საქმიანობების განხორციელებაზე. 

ნატოსთან შეთანხმების პროექტი კრძალავს სახმელეთო ბაზირების საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განთავსებას ისეთ ადგილებში, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს ან ალიანსს მეორე მხარის ტერიტორიას მიწვდეს. 

შეთანხმების პროექტის თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც 1997 წლის 27 მაისამდე იყვნენ ნატოს წევრები, არ ექნებათ უფლება, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში უკვე არსებულის გარდა დამატებითი ძალები განათავსონ. 

დოკუმენტების შემუშავება და დასავლეთის ქვეყნებისთვის მიწოდება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის საგარეო უწყებას გაფართოებულ სხდომაზე დაავალა. მისი თქმით, „დასავლელი პარტნიორები“ კიევს თანამედროვე ლეტალურ იარაღს აწვდიან, ატარებენ „პროვოკაციულ სამხედრო წვრთნებს“ სხვადასხვა რეგიონში რუსეთის საზღვრებთან ახლოს, მათ შორის შავ ზღვაშიც. „ასე ცხოვრება და მუდამ იმაზე ფიქრი, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, რუსეთს აღარ შეუძლია“, – თქვა პუტინმა რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე.

ამერიკული მხარისთვის მოსკოვის მიერ შემუშავებული დოკუმენტების გადაცემის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს რუსეთის მიდგომის ლოგიკა განემარტა და შესაბამისი არგუმენტები დოკუმენტების სახით წარედგინა. სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში წარდგენილი პროექტების საფუძველზე დაიწყება სერიოზული მოლაპარაკებები მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თაობაზე.

ნატოს და აშშ-ის რეაგირება 

ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ „ნათელია, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივობის საფუძველზე, გათვალისწინებულ უნდა იქნას ნატოს წუხილები რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, დავეყრდნოთ ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ფუძემდებლურ დოკუმენტებს და ამასთან, ასეთი დიალოგი ნატოს ევროპულ პარტნიორებთან კონსულტაციების გზით უნდა წარიმართოს“. 

საბჭომ აღნიშნა, რომ ის მზადაა ნდობის აღსადგენად საჭირო ზომების გაძლიერებაზე იმუშაოს, თუ რუსეთი დაძაბულობის შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. 

17 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის სახელიც მითითებული არ არის, განაცხადა, რომ „მზად ვართ განვიხილოთ“ შემოთავაზებები, თუმცა „ამ დოკუმენტებში არის ისეთი რამ, რაც რუსებმა იციან რომ მიუღებელი იქნება და მათ ეს იციან“. 

ამავე ინფორმაციით, არის სხვა საკითხებიც, რომლებზეც ვაშინგტონი მზადაა იმუშაოს, თუმცა არა მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩართულობის გარეშე. 

„ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა წარიმართოს ორმხრივობის საფუძველზე“, – აღნიშნა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ „ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს უამრავი წუხილი გვაქვს რუსეთის საშიშ და მუქარისშემცველ ქმედებებთან დაკავშირებით და ამ საკითხს ნებისმიერი საუბრის დროს დავაყენებთ“. 

აღნიშნა რა, რომ აშშ არ წავა კომპრომისზე იმ „ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რასაც ევროპის უსაფრთხოება ეფუძნება“, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის, უკრაინასა და ნატოს სხვა მოკავშირეებს, აქვს უფლება თავად, გარედან ჩარევის გარეშე აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. 

მოსკოვის შემოთავაზებას წინ უძღვოდა 7 დეკემბრის ვიდეოკონფერენცია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო მობილიზაციას უკრაინის მახლობლად, ასევე სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ აშშ-რუსეთის დიალოგს. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button