skip to content
ახალი ამბები

მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ბათუმის პორტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს 

ბათუმის პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მუშებმა გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევის შედეგად მათი მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

კომპანიის ოთხმოცივე მუშამ გაფიცვა 27 დეკემბერს დაიწყო. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, ხელფასების ზრდას, დასვენების დღეებსა და კანონის შესაბამისად სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას ითხოვდნენ.

ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ამირან მიქელაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ გაფიცულმა მუშებმა კომპანიასთან შეთანხმებას იმავე დღეს მოგვიანებით მიაღწიეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.

მიქელაძის თქმით, კომპანია დათანხმდა, რომ იანვრიდან მუშებს, რომელთა ყოველთვიური ხელფასიც, საშუალოდ, 1 000 – 1 300 ლარია, ანაზღაურება 15%-ით გაუზარდოს. შედეგად, მუშების საშუალო ხელფასი თვეში 1 150 – 1 495 ლარი იქნება.

მისივე თქმით, კომპანია მუშებს ერთჯერად პრემიასაც გამოუყოფს, მათი ხელფასის 50%-ის ოდენობით, რაც, საშუალოდ, 500-650 ლარი იქნება.

მიქელაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის სურვილია უკეთ დაარეგულიროს ღამის ცვლები და ამას გარდა, თანამშრომლებს შვებულებისთვის წელიწადში 24 სამუშაო დღე გამოუყოს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ნაცვლად კალენდარული დღისა, როგორც ეს აქამდე იყო.

მისი თქმით, ეს იყო მთავარი მოთხოვნები, რაზეც მხარეები უკვე შეთანხმდნენ, ხოლო სხვა უმნიშვნელო დეტალების განხილვა კვლავ გრძელდება.

კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევამდე, ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა, ავთანდილ ანდღულაძემ მედიასთან გაფიცულების მოთხოვნებზე ისაუბრა. 27 დეკემბერს მან ტელეკომპანია „მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამშრომლების რაოდენობა მცირეა, ხოლო სამუშაო ძალიან დიდი. „სამუშაომ მოიმატა და ხალხმა მოიკლო“, – აღნიშნა მან.

ანდღულაძემ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშების ანაზღაურების წლიურად 4%-იანი მატება, არ არის საკმარისი ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა, ხოლო საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.

ანდღულაძის თქმით, ადრე მუშებს ცვლების ზუსტი გრაფიკი ჰქონდათ, ახლა კი – ნებისმიერ დროს ურეკავენ და სამუშაოზე გასვლას სთხოვენ, „გცალია, არ გცალია არ გეკითხებიან“.

კიდევ ერთ ინტერვიუში, ანდღულაძემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა ისეთ საქმეს აკეთებინებდა, რაც მათ მოვალეობებში არ შედიოდა.

ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში სულ 120 ადამიანია დასაქმებული, მათგან 80 მუშაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button