ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

„ჯორჯიან მანგანეზის” 25 აპრილის განცხადებით, კომპანიამ ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნით 23 აპრილიდან გაფიცული მაღაროელების ნაწილთან შეთანხმებას მიაღწია.

შეთანხმების პირობების თანახმად, მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება; ამავე ოდენობით მოიმატებს ყოველწლიური სადღესასწაულო პრემია. „ჯორჯიან მანგანეზმა” აღნიშნა, რომ ის და მასთან დაკავშირებული კომპანიები მზად არიან 26 აპრილიდან დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც პირველი მაისიდან შევა ძალაში.  

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ასევე განაცხადა, რომ მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას ითვალისწინებს. კომპანიის თქმით, „ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში კომპანიის მხრიდან მაქსიმუმი იყო“. იგივე პირობები შეეხებათ იმ მაღაროელებს, რომლებიც გაფიცვას განაგრძობენ.  

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მაღაროელი დათანხმდა შემოთავაზებულ პირობებს.  

იმავდროულად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ხელფასის 250 ლარიანი მატება, საშუალოდ, 25%-ის მატებას ნიშნავს, რაც პროფკავშირებისთვის „მისაღები არ არის“, რადგანაც მაღაროელები 50%-იან ზრდას ითხოვენ.  

თავად მაღაროელები მთავარ წუხილებს შორის სამომხმარებლო ფასების ზრდას, მძიმე სამუშაო პირობებსა და ჯანდაცვის საკითხებს ასახელებენ. „ჯოჯოხეთში შევდივართ“, – უთხრა ერთმა მაღაროელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მაღაროში მუშაობაზე საუბრისას.  

„20 წელიწადი გავიდა, რაც ვმუშაობ. 20 წელია ვებრძვი ამ კომპანიას, მარტო კი არა, ხალხთან ერთად. არაფერი არ მოგვარებულა ამ 20 წლის განმავლობაში“, – დასძინა მან.  

ჟურნალისტებთან საუბრისას, რამდენიმე მაღაროელმა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესების საჭიროებაზეც ისაუბრა, თუმცა, ეს მოთხოვნა ჯერაც დაუკმაყოფილებელი რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button