ახალი ამბები

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ 

ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა – შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბელარუსსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე რეფორმებზე, ინვესტიციებსა და დაკავშირებადობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები დაესწრნენ.

შარლ მიშელის განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კანონის უზენაესობის, მმართველობის, ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ღირებულებებს ეფუძნება და „ეს ღირებულებები არის საფუძველი ევროკავშირის ამბიციებისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის მზადყოფნა პირდაპირ კავშირშია რეფორმების კუთხით გაწეულ ძალისხმევასთან და ვალდებულებების ამბიციურ განხორციელებასთან“.

მისი თქმით, რეფორმები მნიშვნელოვანია, რათა პარტნიორობა ისე წარიმართოს, რომ ის დასაქმების, ზრდისა და სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით მოქალაქეების მოლოდინებს პასუხობდეს.

შარლ მიშელმა უსაფრთხოების და კეთილდღეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ორი თემა ურთიერთკავშირშია.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. თუ იქნება სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, იქნება ძლიერი პასუხი და ამ აგრესიის ავტორებს ეს ძვირი დაუჯდებათ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტი მიშელი ასევე შეეხო შეხვედრაზე ბელარუსითვის გამოყოფილ სიმბოლურ ცარიელ ადგილს. „ეს ცარიელი ადგილი არ ნიშნავს ბელარუსი ხალხისთვის ევროპულ დაპირებაზე უარის თქმას“.

„ამ სამიტმა ახალი ბიძგი მისცა ამბიციური დეკლარაციით, რომელიც ასახავს ევროპის მზადყოფნას, უზრუნველყოს, რომ კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული ჩვენი ამბიციები ქმედებებში გადაიზარდოს“, – დასძინა შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი, უფრო ამბიციური ფაზა, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს ერთობლივ მუშაობაში ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და რეფორმებზე და რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციებით იქნება გამყარებული“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, 300 მლრდ ევროს ღირებულების ინიციატივის Global Gateway ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას 17 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.

„განიხილება ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი პროექტები, როგორიცაა მაგალითად, მოლდოვაში შენობების ენერგოეფექგტურობის ზრდა, ან მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანა ქართულ სოფლებში, ანდაც შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა“, – განაცხადა მან.

„ამრიგად, ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს შევთავაზეთ, რომ შემოგვიერთდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ საერთო რეგიონში ახალი კავშირების დამყარებაზე“, – დასძინა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დაარწმუნა უკრაინა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ეს ეჭვგარეშე უნდა იყოს: ევროკავშირი მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button