skip to content
ახალი ამბები

მოსამართლეები ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი დღეს გავრცელებულ განცხადებაში უცხოელ დიპლომატებს დაუპირისპირდა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით მათ მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო.

განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოსამართლეთა დანიშვნებს საქართველოს სასამართლო სისტემაში „რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო აშშ-ს საელჩომ ორი მოსამართლე წევრის „კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე“ ნაჩქარევად დანიშვნები გააკრიტიკა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა,  რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს“.

დაგმო რა „გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“ კრიტიკა, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია „პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში“.

„ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც ,,გაუგებარი“ და არც ,,უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, – განაცხადა კომიტეტმა და დასძინა, რომ ის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულებაა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა „ყოველთვის განუხრელად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს“ და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მოსამართლე ,,ძირს უთხრის სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ ,,დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“, არის „შეურაცხმყოფელი“ მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ვენის კონვენციის ვალდებულების შეუსრულებლობას წარმოადგენს.

კომიტეტმა ასევე გააკრიტიკა დიპლომატების შეფასება, რომ დანიშვნები ნაჩქარევი იყო და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ზიანს მოუტანს. კომიტეტმა აღნიშნა, რომ კონფერენცია დაინიშნა კანონის დაცვით და დასძინა, რომ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა „დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედია“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ასარჩევად კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. „უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე – დაესახელებინა კანდიდატურა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნა რა, რომ კენჭისყრა „სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში“ ჩატარდა, კომიტეტმა განაცხადა, რომ ის მზად არის შესაძლო დარღვევებზე იმსჯელოს.  „წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს დ ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა“, – განაცხადა კომიტეტმა.

კომიტეტის თქმით, ქართული ოცნების მთავრობის მიერ „სასამართლო ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით“ გატარებული რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად „სრულად არის უზრუნველყოფილი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება“.


მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი 31 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს აირჩია. ახლადდანიშნულმა წევრებმა თეა ლეონიძე და თამარ ონიანი ჩაანაცვლეს, რომელთაც თანამდებობები ვადის ამოწურვამდე ისე დატოვეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზები არ განმარტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button