skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი ცხინვალსა და მოსკოვს გამშვები პუნქტების გახსნისაკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ოკუპირებული ცხინვალის ხელმძღვანელობასა და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი გახსნან. ჰარცელმა მიმართვა 5 სექტემბერს, ცხინვალის მესვეურთა მიერ გამშვები პუნქტების დაკეტვის ორი წლისთავზე გაავრცელა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა, ხელი შეუწყოს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში ამ თემაზე დისკუსიას და რომ ევროკავშირის აზრით, შესაძლებელია გამშვებ პუნქტებზე კოვიდ-19-ზე ტესტირების ისეთი გონივრული და ადეკვატური მექანიზმის დაგეგმვა, რაც შესაძლებელს გახდიდა გადაადგილების მეტ თავისუფლებას.

ელჩის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეუძლია გამყოფი ხაზის გადაკვეთა, ნათესავების მონახულება, პენსიების აღება თუ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ ჩაკეტვებით რეგიონში მცხოვრებთ შეზღუდული აქვთ სამედიცინო დახმარების მიღებაც. ელჩის თქმით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლაზე რეგულაციების ბოლოდროინდელი შემსუბუქება მისასალმებელია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა და მიზეზად, ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დროს თბილისიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები დაასახელა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის თანახმად, ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის 5 გამშვები პუნქტია, მათ შორის, სინაგურისა და ქარზმანის პუნქტები საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერგნეთისა და ზარდიანთკარისა გორის მუნიციპალიტეტში, ხოლო ოძისის პუნქტი — მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ეს უკანასკნელი ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონს ესაზღვრება, რომელიც დღემდე ქართველებითაა დასახლებული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, დაკეტვამდე ოძისის პუნქტის გავლით დღეში საშუალოდ 400-მდე გადასვლა-გადმოსვლა ხდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button