skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 1 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 3-30 აგვისტოს პერიოდს ფარავს.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 15; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 11; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 8; სოციალური ქსელით აგიტაციის – 6 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 4 ფაქტი.

ორგანიზაციის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები, უმეტესად, არ დაუშვეს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებსა და კანდიდატების წარდგენაზე. ასევე, „გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები“.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტენდენციის სახე აქვს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერების ან მისდამი კეთილგანწყობილი პირების მიმართ.

საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ზუგდიდში ოპოზიციური პარტია დროას ოფისზე ვანდალიზმის ფაქტიც გამოავლინეს.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ „პოლარიზებული“ რჩება. „გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა დადამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button