skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების წინა პერიოდის პოლიტიკურ გარემოს აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 15 ივნისს ქვეყანაში არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შესახებ დოკუმენტი წარადგინა, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს აფასებს.

დოკუმენტში მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაა ხაზგასმული, რამდენადაც მან 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა განსაზღვროს. „თვისებრივად განსხვავებული ორი არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს არჩევნების დანიშნულების აღრევას და ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ქცევაზე“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

ხაზი გაუსვა რა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ „ბიძგი მისცა საარჩევნო [სისტემის] რეფორმის პროცესს“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნა, რომ „წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“. ორგანიზაციისვე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების რეგულირებისა და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები, „კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებები „არათანაზომიერია და არ შეესაბამება პარტიების დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს“.

ორგანიზაციის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ „უკვე დაანონსებული მრავალმილიონიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები… საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება და [არათანაბარ] პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს“.

დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მასთან დაკავშირებულ პირთა სამსახურიდან წასვლის ტენდენცია ადასტურებს, რომ „საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა აპარტიულობის სტანდარტის დაცვისაგან“.

აღნიშნა რა, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოებას, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ფაქტების ნაცვლად, ძირითადად, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ნაკარნახევი ინფორმაცია მიეწოდება“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და თავდასხმის ფაქტებიც გაიხსენა, რაც „საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი პრინციპების დაცვასა და პატივისცემას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button