skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ „აგრესიის გაღვივების“ საფრთხეებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დედაქალაქში გაკრულ პლაკატებს, რომლებზეც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სამოქალაქო და ლგბტ აქტივისტები არიან გამოსახულნი, „ძალადობისკენ მოწოდებად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ ისინი „საფრთხეს უქმნიან“ მათზე გამოსახულ ადამიანებს.

პლაკატებზე, რომლებზეც იკითხება – „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ – ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასევე ჩანან – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი; ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილის პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი; „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია; „ტელეკომპანია პირველის“ დირექტორი და წამყვანი – ვატო წერეთელი და ნოდარ მელაძე; ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი და ნაციონალური მოძრაობისდროინდელი თავდაცვის მინიტრი დავით კეზერაშვილი.

პლაკატები დედაქალაქში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ იგი დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს. საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის პლაკატები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც გამოჩნდა.

არასამთავრობოების შეფასებით, დედაქალაქში 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული „სიტყვიერი თავდასხმების“ ფონზე, პლაკატებზე არსებულმა მოწოდებებმა, შესაძლოა, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები „სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“ კიდევ ერთხელ დააყენოს.

„ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის“, – აცხადებენ ისინი.

დედაქალაქის მერიაში მედიას განუმარტეს, რომ პლაკატების გაკვრისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ორი პირი 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს. „როგორც კი დაიდენტიფიცირდებიან დამატებითი პირები, აუცილებლად დაჯარიმდებიან“, – უთხრა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

პლაკატების გაკვრაზე პასუხისმგებლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო მოძრაობის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა და სააგენტო for.ge-ს რედაქტორმა, გიორგი იაკობაშვილმა აიღო. „ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია“, – განაცხადა მან და დასძინა – „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ“.

„ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამომიხსნეს, ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს“, – ხაზი გაუსვა მანვე და აღნიშნულისთვის დედაქალაქის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მოგვიანებით, მათ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ბანერის ციფრული ვერსია გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მისი გაზიარება სთხოვა.

„თბილისი პრაიდის“ დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა თქვა, რომ იგი სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფოტოზე უამრავმაადამიანმა მონიშნა და მათი პროფილების უმეტესობა ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული. მანვე ხელისუფლება მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ ჰომოფობიის „ინსტრუმენტალიზაციაში“ დაადანაშაულა.

„ეგ არ არის ჩვენი კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. „ჩვენი კამპანია დაიწყო პროგრამით [და] პოზიტიური კანდიდატით“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button