skip to content
ახალი ამბები

„ღირსების მარშზე“ პოზიციის გამო არასამთავრობოები „რიონის ხეობის მცველებთან“ კავშირს წყვეტენ

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოძრაობასთან – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რვა თვის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს უდგას სათავეში, კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელმა 5 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში მიიღო მონაწილეობა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადეს, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ მოძრაობასთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც მისი ლიდერები ეკლესიის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას დაესწრნენ იმ ფონზე, როდესაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს.

„რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან „ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 6 ივლისს.

„მწვანე ალტერნატივამ“ 6 ივლისს განაცხადა, რომ კონტრაქციაში მონაწილეობით რიონის ხეობის აქტივისტებმა საკუთარი მოძრაობის დისკრედიტაცია მოახდინეს და პრაიდთან დაკავშირებით „სრულიად მიუღებელი“ პოზიცია დააფიქსირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციას მხედველობაში მოძრაობის 2 ივლისის განცხადება ჰქონდა, სადაც ნათქვამია, რომ ლგბტქ+ თემა გახდა „პოლიტიკური შანტაჟის“ საფუძველი. მოძრაობამ ასევე აღნიშნა, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა „გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს“.

მოგვიანებით, მოძრაობის განცხადება „თბილისი პრაიდის“ დირექტორმა გიორგი თაბაგარმა გააკრიტიკა, რომლის თქმითაც, „არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე“. აღსანიშნავია, რომ ლგბტ თემის ძირითადი უფლებადამცველი ორგანიზაციები – „თბილის პრაიდი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ რიონის ხეობის მცველების პროტესტს მხარს უჭერდნენ.

თბილისში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ფონზე, მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა დაგმო ძალადობა და ჰომოფობიური ჯგუფები გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები მშვიდობიანი პროტესტის გამართვის თაობაზე ეკლესიის მოწოდებას გამოეხმაურა.


დაძაბულობა ლგბტ თემთან მეგობრულად განწყობილ ჯგუფებსა და მოძრაობას შორის პირველად მაისში წარმოიშვა, როდესაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერები თბილისში ჩამოვიდნენ და რამდენიმედღიანი აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციების დროს, ორი ინციდენტი მოხდა, როდესაც ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე გურამ ფალავანდიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს ცისარტყელას გამოსახულებიანი სამკლავურის ტარების გამო დაუპირისპირდა და ისინი აქციიდან გააგდო. მეორე ინციდენტის დროს, ფალავანდიშვილმა და მისმა შვილმა ლგბტ აქტივისტს ბანერი დაუხიეს.

ვარლამ გოლეთიანმა აქციების დროს, ძალადობა დაგმო და ტოლერანტობისა და ერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან 25 მაისის აქციის დროს განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანის უფლებას დაიცავდნენ, ვინც აქციას შემოუერთდებოდა.

ნამახვანჰესი რიონის ხეობის მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება ენერგოუსაფრთხოების გაზრდას იმედოვნებს, თუმცა, ადგილობრივები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოსთვის პოტენციურ რისკებსა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების პრობლემურობაზე საუბრობენ. ამჟამად, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. ხელისუფლებამ განცხადებით, არსებული კონტრაქტის პირობებს გადახედავს.

ნამახვანჰესის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button