ახალი ამბები

თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ნახევარწლიანმა პროტესტმა დღეს დედაქალაქში გადმოინაცვლა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ახლა უკვე თბილისის ცენტრში გაიმართა.

აქტივისტები დედაქალაქში ქუთაისიდან შუადღისთვის ჩამოვიდნენ, სადაც სხვა მხარდამჭერებს შეუერთდნენ და საკუთარი მოთხოვნები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გააჟღერეს.

„ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ჰესის მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული „ანტისახელმწიფოებრივი“ ხელშეკრულების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, გოლეთიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომის თაობაზე აქტივისტების მოთხოვნა და ყველა იმ პირის, მათ შორის, ნათია თურნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა, რომელიც კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაში იყო ჩართული და მას ხელი მოაწერა. აქტივისტები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით პრიორიტეტების შემუშავებამდე, ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

„თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

„ბრძოლა იწყება აქ და ახლა, და ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი“, – თქვა გოლეთიანმა და მხარდამჭერებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გრძელვადიანი, „რაციონალური“ და სტრატეგიული ძალისხმევისკენ მოუწოდა. გოლეთიანის თქმით, სამოქალაქო პროტესტი და ჩართულობა საზოგადოგადოების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია.

აღნიშნა რა რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია, გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი მიზანი არა რევოლუციის მოწყობა, არამედ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაა. „[ჩვენ გვსურს] როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება“, – დაამატა მანვე.

მოუწოდა რა საზოგადოებას ერთიანობისკენ, გოლეთიანმა ხაზი გაუსვა, რომ „არ იქნება დღის წესრიგში ის საკითხი, რომელსაც ვერ გადავჭრით, თუ მოწინააღმდეგე ვერ დაგვყოფს“. „დავდგეთ ყველა ეპიცენტრში, სადაც იბრძვიან სამართლიანობისთვის და [საკუთარი უფლებებისთვის]“, – აღნიშნა მანვე.

გოლეთიანმა უარყო მათი პოლიტიკურ პარტიად გაერთიანების შესახებ ხმები და თქვა, რომ ერთობის „დამანაწევრებელი“ იქნებოდა. მისივე თქმით, არსებულ სისტემაში პოლიტიკური პარტიის სახით შესვლა, შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგანაც „სისტემა“ აცდენილია პრობლემებს, რომლებიც ხალხში არსებობს. „პრაქტიკულად, უფსკრულია მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და ვერ ვპოულობთ თანხვედრას და ბმას იმ ადამიანებთან, რომლებიც თითქოს ჩვენი პრობლემების ამსახველები უნდა იყვნენ“, – თქვა გოლეთიანმა.

„მიწა გაგვიყიდეს ხალხო, მიწა, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის“, – მიმართა შეკრებილებს პროტესტის კიდევ ერთმა ლიდერმა, რიონის ხეობის მკვიდრმა მაკა სულაძემ, რომელიც სოფლის დატოვებასა და საკუთრების კომპანიისთვის მიყიდვაზე უარს ამბობს. „როცა გასაჯაროვდა ხელშეკრულება, რომელსაც გულდასმით მალავდა ხელისუფლება, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ჩვენ გაყიდული ხეობის შვილები ვართ “, – განაცხადა მანვე.

გააკრიტიკა რა ხელისუფლება რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის გამო, სულაძემ თქვა: „ბლოკპოსტი გვაქვს რიონის ხეობაში და საკუთარ სახლში, საკუთარ მამასთან ვერ მივსულვარ, თუ არ შევათანხმე ჩემი გადაადგილება უმაღლეს ეშელონებთან.. საკუთარ მიწაზე, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიაში ვერ მივსულვარ… წინ შეიარაღებული პოლიცია მხვდება“.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, მარიტა სუბელიანმა თქვა, რომ ხელისუფლებასთან ორი უშედეგო დიალოგის მცდელობის შემდეგ, აქტივისტები იძულებულნი არიან „უკიდურეს“ მოთხოვნებს მიმართონ.

მუსელიანის განცხადებით, აქტივისტების სურვილია, რომ პროტესტი გამოხატვის მშვიდობიან ფორმებში დარჩეს და მათი მიზანი ხელისუფლების „გადაგდება“ არ არის. „ჩვენ არ გვინდა, რომ პასუხისმგებლობა ისეთ პროცესზე ავიღოთ, რაც მერე ჩვენი ხელიდან გავა და უმართავი გახდება“, – დაამატა მან.

აქტივისტებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ადგილზე იქამდე დარჩენას გეგმავენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

აქციას ბორჯომის, ჭიათურისა და ოზურგეთის პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებს სოლიდარობის მიზნით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროტესტის ლიდერები შეურთდნენ და სოციალური ხასიათის ბრძოლების გადასაჭრელად ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლების პროტესტის ლიდერმა, განაცხადა, რომ ის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „სამართლიანობისთვის“ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის შეუერთდა. „გავერთიანდეთ“, მოუწოდა მან მოქალაქეებს.

ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ პროტესტის ლიდერმა განაცხადა, რომ ადამიანური თანადგომით შევძლებთ, ქვეყანაში შევქმნათ „ადეკვატური“ საცხოვრებელი გარემო და გვქონდეს „ჯანსაღ გარემოში“ ცხოვრების უფლება.

ოზურგეთის ფქვილის საწარმო „გულისტანის“ თანამშრომლების პროტესტის ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას „ნუ გამოწურავთ რესურსს ბუნებას“. მანვე განაცხადა, რომ გურიაშიც შენდება პატარ-პატარა 10-მდე ჰესი, თუმცა მისივე თქმით, „ათიდან ერთიც ვერ აშენდება“.

კომპანია „ენკას“ პასუხი

„ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ დღეს გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის გააგრძელოს „საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან“. თუმცა, კომპანიამ იქვე ხაზი გასუვა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი „არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას“.

ამბის წინაისტორია

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ჰესის მშენებლობის თაობაზე კონტრაქტის მფლობელია და მისი აქციების 90% თურქულ კომპანია ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს, ხოლო 10% ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფს“ ეკუთვნის.

პროექტის განხორციელებით საქართველოს ხელისუფლებას ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების, 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებისა და 800 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიღების იმედი აქვს.

თუმცა, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა გარემოსთვის პოტენციურ რისკებსა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების პრობლემურობაზე საუბრობენ.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტმა დაწყებიდან მრავალი ფორმა მიიღო. პროექტის ადგილის სიახლოვეს გაიშალა კარვები, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა ქუთაისში. ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, აქტივისტებმა აპრილში განაცხადეს, რომ პროტესტი თბილისში გადაინაცვლებდა, რამდენადაც მათივე მტკიცებით, ხელისუფლება ჰესის მშენებლობის საკითხზე მნიშვნელოვან დათმობებს არ განიხილავს.

„ნამახვანჰესის“ შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button