ახალი ამბები

ლგბტ ჯგუფები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტს მხარს უჭერენ; ლიდერებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდებენ

ლგბტ უფლებების დამცველმა ორმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „თბილისი პრაიდმა“ და „თანასწორობის მოძრაობამ“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და მოუწოდეს პროტესტის ორგანიზატორებს ღიად დაგმონ 23-24 მაისის აქციებზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ლგბტ პირების მიმართ „ძალადობის აქტები“.

„მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორთა მოთხოვნები სამართლიანია“, – განაცხადა „თბილისი პრაიდმა“ 24 მაისს და დასძინა, რომ ჰესის მშენებელ კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები „კაბალურია“, რაც ინვესტორს მიწის, წყლის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მოქალაქეები კი – „წაგებულნი ვრჩებით ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით“.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ორგანიზაციამ და დაამატა, რომ სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები უნდა „გაემიჯნონ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები“.

გუშინვე, „თანასწორობის მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს“ და მისი მიზანი „საერთო კეთილდღეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება“. „აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.

უფლებადამცველების განცხადება 24 მაისის ინციდენტს მოჰყვა, რა დროსაც ადგილზე პროტესტის მხარდასაჭერად მისულ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს – ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერს პროტესტის ულტრამემარჯვენე წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და ამ უკანასკნელს ცისარტყელისფერებიანი სამკლავურის მოხსნა მოსთხოვეს, დაემუქრნენ და ადგილის დატოვება მოსთხოვეს. გავრცელებული ცნობით, 23 მაისს, კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ულტრაკონსერვატული და ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე მამა-შვილმა – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე ლგბტ აქტივისტს ბანერი დაუხიეს.

„ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია“, – განაცხადა „თბილისი პრაიდმა“ და მოუწოდა რიონის ხეობის მცველებს პატივი სცენ მათ გამოხატვის თავისუფლებას, „მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას მათ ორგანიზებულ აქციებზე“ და სახელმწიფოს აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე „ადეკვატური“ რეაგირება მოსთხოვონ.

„თანასწორობის მოძრაობამ“ ასევე მოუწოდა სამართალდამცველებს უზრუნველყონ პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, „გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ და „მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ“.

ინციდენტების შემდეგ, პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების აქტივისტები ემიჯნებიან ძალადობას. თუმცა მანვე დაპირისპირებისა და ძალადობის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით, ხაზი გაუსვა – „ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა არ დაიშვება ჩვენს აქციებზე“. „გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ“, – დაამატა გოლეთიანმა.

პროტესტის მონაწილეები დღის მეორე ნახევარში რესპუბლიკის მოედნიდან ფეხით მსვლელობასა და გარკვეულ ადგილებში მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button