skip to content
ახალი ამბები

ნათია თურნავა ხუდონჰესზე შეთანხმების შეწყვეტასა და პროექტის ბედზე საუბრობს 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა სვანეთის რეგიონში დაგეგმილ ხუდონჰესის მშენებლობაზე ინვესტორთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

მინისტრის თქმით, ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობამ ინდურ კომპანია ტრანს ელექტრიკასთან ხელშეკრულება 2011 წელს დადო, „თუმცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ და პროექტი ვერ განხორციელდა“. მისი თქმით, „სხვადასხვა მიზეზის ნაკრებია“, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. „აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ ინვესტორს და მოვშალოთ ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული“, – განაცხადა თურნავამ.

„რა თქმა უნდა, აქ რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ჩვენ, ალბათ, უბრალოდ ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ ვინაიდან ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, მათ შორის, მოსახლეობის თემა, პროექტის სწორი სტრუქტუირება და ა.შ., ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ურთიერთშეთანმხებით მოხდეს ამ პროექტის [შეწყვეტა]“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა იმსჯელებს იმაზე, რომ აქტივები, რომლებიც კომპანიისთვის იყო გადაცემული, სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, თუ რომელია საუკეთესო გზა მომავალში პროექტის განსახორციელებლად. „ბოლო დროის მოვლენებმა და განვითარებამ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც“, – აღნიშნა მინისტრმა.

განცხადება მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი პროტესტის ფონზე გაკეთდა, სადაც აქტივისტების წუხილის ერთ-ერთი მთავარი საგანი ინვესტორთან დადებული „ანტისახელმწიფოებრივი“ შეთანხმებაა.

კითხვები ხუდონჰესის შეთანხმებასთან დაკავშირებით მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორთან მოლაპარაკებებისთვის იურიდიული კომპანია Hogan Lovells International დაიქირავა. მომსახურების მიღებაზე პირველი შეთანხმება 2020 წლის მაისში გაფორმდა, რომელიც იმავე წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. თუმცა, მოგვიანებით ის გახანგრძლივდა, ვინაიდან შეთანხება ვერ იქნა მიღწეული. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამჟამად ხელისუფლება შეთანხმებას კონსულტაციების თაობაზე 2021 წლის ბოლომდე ახანგრძლივებს.

სვანეთის რეგიონში 700 მეგავატის სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენება მდინარე ენგურზე დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის მოწყობას მოიცავს. პროექტის განხორციელება პირველად 80–იან წლებში დაიწყო, თუმცა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეწყდა. პროექტი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლებით კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ გააფორმა. მოგვიანებით, მას ქართული ოცნების ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან მშენებლობის დაწყება კომპანიამ ამ დრომდე ვერ შეძლო, პროექტის ჩაშლის რეალური მიზეზები უცნობი რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button