skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.

ახლად დანიშნული ვიცე-პრეზიდენტები უკვე იყვნენ და კვლავ დარჩებიან საბჭოს წევრებად. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს 7 წლის ვადით დაუჭირა მხარი.

საბჭოს წევრობასთან ერთად, ისინი ახლა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებიც იქნებიან.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე 2019-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში (1995-2007).

2008 წელს მიქაბაძემ ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებში. 1995 წელს, მან თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 2005-2007 წლებში იგი ბანკის დირექტორთა საბჭოს წებრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა.

იგი ასევე მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ჯერ ინფრასტრუქტურული პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად 2017 წლიდან 2018 წლამდე, შემდეგ კი მრჩევლად 2020 წლიდან 2021 წლამდე.

გალდავას აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. 2001 წლიდან 2002 წლამდე სწავლობდა უილიამსის კოლეჯში, უილიამსთაუნში, აშშ.

ეროვნული ბანკის მოქმედი საბჭო

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება.

საბჭოს წევრები არიან ნათია თურნავა (პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი); ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, რობერტ სინგლეტარი, თეიმურაზ ხომერიკი, ნანა ყეინიშვილი. ბოლო ორ წევრს პარლამენტმა 21 სექტემბერს დაუჭირა მხარი.

ცვლილებები ეროვნულ ბანკში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესებში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“. შეცვლილი რეგულაცია ფაქტობრივად იცავდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს,  რომელიც სანქცირებული იყო აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ.

თურნავას სადავო გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას თანამდებობიდან გადადგომა მოყვა. მოგვიანებით იგივე გადაწყვეტილება ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button