skip to content
ახალი ამბები

EBRD, EIB: ნენსკრა ჰესი საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) და „ევროპის საინვესტიციო ბანკმა“ (EIB) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი EBRD-ის 2014 წლის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკისადმი შეუსაბამოდ ცნეს. გადაწყვეტილება ბანკების გასაჩივრების მექანიზმების ფარგლებში ორწლიანი გამოძიების შემდეგ მიიღეს.  

2018 წლის მაისში, ჭუბერის თემის მაცხოვრებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „CEE Bankwatch Network-მა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ ევროპული ბანკების გასაჩივრების მექანიზმების გამოყენებით,  ნენსკრა ჰესის მშენებლობა გაასაჩივრეს.  

EBRD-ის საჩივრის განხილვაში აღნიშნულია, რომ EBRD-მა და EIB-მ, „ეფექტურობის მიზნით“,  ერთობლივად ჩაატარეს საველე ვიზიტი საქართველოში და ითანამშრომლეს მიღებული საჩივრების ნამდვილობის შესაფასებლად.  

საჩივრების თანახმად, ნენსკრა ჰესის პროექტი არ შეესაბამებოდა EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შემდეგ კრიტერიუმებს:  
 
(1) მკვიდრი (ძირძველი) ხალხი: საჩივრის მიხედვით, ევროპულმა ბანკებმა არ „შეიყვანეს სვანები (ზემოქმედების ჯგუფი) ძირძველი ხალხის კატეგორიაში“ და შესაბამისად, ჭუბერის თემის მოსახლეობას არ მიეცა „საკუთარი განვითარების განსაზღვრის უფლება“.  

(2) კუმულაციური ზემოქმედება: საჩივარში ნათქვამია, რომ ნენსკრა ჰესის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასება არ მოიცავდა კუმულაციური ზემოქმედების შეფასებას.  

(3) მიწის შეძენა, იძულებითი განსახლება და ეკონომიკური გადაადგილება: საჩივარი ხაზს უსვამდა, რომ ნენსკრას ჰესის პროექტს არ წარუდგენია გეგმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას „გაუმარტივებდა პროექტის შედეგად რესურსების, აქტივების, შემოსავლებისა და საარსებო წყაროების დაკარგვით გამოწვეულ ეკონომიკურ გადაადგილებას“.

(4) კულტურული მემკვიდრეობა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროქტის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასება „არ განიხილავს პროექტის პოტენციურ გავლენას სვანურ კულტურასა და ენაზე“. 

(5) ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა: საჩივარში ნათქვამია, რომ პროექტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონსულტაცია „არ იყო პროპორციული პროექტის ხასიათისა და მასშტაბის ან თემებზე მისი პოტენციური ზემოქმედების“. 

EBRD-მა საჩივრის განხილვისას ხაზი გაუსვა, რომ გასაჩივრების მექანიზმმა საჩივრებში ნახსენები ყველა გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის კრიტერიუმის შეუსრულებლობა დაადგინა და შესაბამისად, ნენსკრას ჰესის პროექტი ბანკების პოლიტიკასთან შეუსაბამოდ ცნო. 

EBRD-ს და EIB-ს ნენსკრა ჰესის პროექტისთვის შესაბამისად, 214 მილიონი და 150 მილიონი აშშ დოლარის სესხები აქვთ გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, ბანკებს სესხის აღების პროცესის დასრულების შესახებ ხელშეკრულებები ჯერ არ გაუფორმებიათ. პროექტისთვის სესხის მიმცემი სხვა ორგანიზაციები არიან „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB), „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB), „კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაცია“ (K-Sure). 

ნენსკრა ჰესის პროექტის განვითარებას სს „ნენსკრა ჰიდრო“ უძღვება, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water-ისა“ და სს „პარტნიორობის ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს დაარსდა.

2015 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ, სამხრეთ კორეულმა „K-Water- მა“ და იტალიელმა მშენებელმა სალინი იმპრეჯილომ გააფორმეს მთელი რიგი კონტრაქტები და „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი სტრატეგიული ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საბოლოო დეტალები შეათანხმეს 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button