ახალი ამბები

რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას ტოვებს და საქართველოსა და აშშ-ს აკრიტიკებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ 7 ივნისს გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან ქვეყნის გამოსვლას ითვალისწინებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხელშეკრულების დარღვევასა და „არაკონსტრუქციულ პოზიციებში“ დაადანაშაულა.

რუსეთმა ხელშეკრულება მას შემდეგ დატოვა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ მაისში მოსკოვს აცნობა, რომ ის ხელშეკრულებას აღარ შეუერთდებოდა. აშშ-მა ოფიციალურად ხელშეკრულება 2020 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის მაისში ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამის მიზეზად მოსკოვის მიერ საერთაშორისო შეთანხმების მუდმივი დარღვევა, მათ შორის, ის ფაქტიც დაასახელა, რომ რუსეთი აშშ-ის უფლებას არ აძლევს მის საზღვართან მდებარე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან „10 კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს“.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, საპასუხოდ, ხელშეკრულების დარღვევის გამო საქართველო გააკრიტიკა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2012 წელს შეწყვიტა.

ზახაროვას თქმით, თბილისმა და მისმა პარტნიორებმა „არაკონსტრუქციული პოზიცია“ დაიკავეს და „შესაძლებლობების ფანჯარა დახურეს“, როდესაც უარი უთხრეს მოსკოვის შემოთავაზებაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენები იმ პირობით განეხორციელებინათ, თუ სანაცვლოდ თბილისი რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენების უფლებას მისცემდა. ამ წინადადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის მაისში „ცინიკური“ უწოდა.

თბილისმა და ვაშინგტონმა რუსეთი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის „ღია ცის“ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ლეგიტიმაციის“ საშუალებად იყენებს და მათ დამოუკიდებელ სუბიექტებად წარმოაჩენს, რომლებიც ხელშეკრულების ხელმომწერნი არ არიან.

„ღია ცის“ შესახებ 1992 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ. მას შემდეგ რაც ხელშეკრულება აშშ-მა და რუსეთმა დატოვეს, მას 33 ხელმომწერი დარჩა, მათ შორის, საქართველო, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა, თავად ჯერაც მის ხელმომწერად რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button