Placeholder canvas
ახალი ამბები

ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკური პარტიის ყრილობა გამართა 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ 22 მაისს ახალი პოლიტიკური პარტიის – „ხალხისთვის“ ყრილობა გამართა.

ყრილობაზე გამოსვლისას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობა ახალი პოლიტიკური პარტიის ქვაკუთხედი იქნება. „ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა“, – განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ პარტიას სურს ისეთი ქვეყანა შექმნას, სადაც „შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა“.

ანა დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები ერთიანდებიან, ვინც „ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“. „ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო“, – განაცხადა მან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან პირველ ტურში ხმების 17.95% მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატის, გია ვოლსკისა (42.64%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატისა და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის (21.06%) შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

ბიოგრაფია

ანა დოლიძემ, რომელმაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კორნელის სამართლის სკოლაში მიიღო, 2020 წლის 21 მაისს საზოგადოებრივი პლატფორმა მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა და განმარტა, რომ მიზანი „სუფთა ხელებით“ ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნა იყო.

პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების გეგმების გახმოვანების შემდეგ, იგი იძულებული გახდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა დაეტოვებინა, სადაც ის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს დანიშნა.

ანა დოლიძის გადაწყვეტილებას წინ 7 არასამთავრობო ორგანიზაციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება უძღვოდა, რომლებიც ანა დოლიძეს მოუწოდებდნენ, რომ თუკი იგი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „დროულად“ მიეღო.

2016 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო, რის შემდეგაც, იგი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. 2016 წელს, დოლიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამ შერჩეულ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.

2015-2016 წლებში დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2004-2006 წლებში, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button