Placeholder canvas
ახალი ამბები

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს ტოვებს და მიზეზად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწყებულ „ბინძურ პიარკამპანიას“ ასახელებს.

ანა დოლიძემ საზოგადოებრივი პლატფორმა – „მოძრაობა ხალხისთვის“ 21 მაისს დააფუძნა და განმარტა, რომ მიზანი „სუფთა ხელებით“ ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნაა.

22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „პიარკამპანიის“ მიზანი იმ ბრძოლის „გაუფასურებაა“, რომელიც მას ორი წლის განმავლობაში ე.წ. სასამართლო კლანის წინააღმდეგ ჰქონდა.

მისივე განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას სასამართლო სისტემის „დემურუსიზაცია“ და „რეალური განვითარებისთვის მუშაობა“ სჭირდება, იგი ამ ბრძოლაში მარტო დარჩა. ამიტომ, მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი „ბრძოლის ასპარეზი“ ვეღარ იქნება.

„მთელი ჩემი რესურსით შევუდგები „მოძრაობა ხალხისთვის“ შენებას, იმისთვის, რომ გავაგრძელო ბრძოლა, რომელშიც მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი. [მათთან] ერთად, შევქმნი ახალ, თავისუფალ სასამართლოს, რომელშიც არ იქნება მურუსიძე და ჩინჩალაძე. ქართველ ხალხთან ერთად, დავალაგებ იმ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო“, – თქვა ანა დოლიძემ და დასძინა, რომ საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებას პრეზიდენტს დღესვე თავად გაუგზავნის.

ანა დოლიძის გადაწყვეტილებას წინ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 15 ივნისს გავრცელებული ერთობლივი განცხადება უძღოდა. ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ანა დოლიძეს მოუწოდებდნენ, რომ თუკი იგი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „დროულად“ მიეღო.

საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც გამოეხმარა და თქვა, რომ ანა დოლიძის მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარეობა, „შესაძლოა, შეფასებულ იქნას, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რადგან საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი“.

ანა დოლიძისგან „დროულ“ და „ღირსეულ“ გადაწყვეტილებას ელოდებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დოლიძის შემცვლელი ერთი თვის ვადაში, შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ოთხი წლის ვადით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 8 იანვარს დანიშნა. იგი უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 17 იანვრიდან შეუდგა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ არამოსამერთლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად, სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე აქტიურად საუბრობდა და მათ საქმიანობას ამხელდა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონი:

მე-7 თავი, მუხლი – 47, პუნქტი – 13: საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button