ახალი ამბები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის სამიდან ორი კანდიდატურა ხელახლა წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც პარლამენტმა თვეების განმავლობაში გაჭიანურებული განხილვების შედეგად 10 ივნისს კენჭისყრაზე ჩააგდო, ორი – თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა ხელახლა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად.

მესამე კანდიდატი ანა დოლიძე კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო მდივნად დანიშნა მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაახლოებით ერთი წლის დაკავებული თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან გიორგი კვერენჩხილაძე აპრილში ამ პოსტიდან წავიდა.

„პირველივე მისი დავალება დაკავშირებულია ისევ იმ პროცესთან, რაც შეეხება მოსამართლეების დამტკიცებას – ქალბატონი ანა ახლა უკვე შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ მოსამართლეთა დამტკიცების გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მერვე მოწვევის [მოქმედი] პარლამენტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა სექტემბრის სესიამდეც, საზაფხულო არდადეგების პერიოდში უზრუნველყოს ამ მიზნით  საგანგებო სხდომის მოწვევა.

კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების განხილვის ვადებს კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუმცა ადგენს, რომ პრეზიდენტს ერთი და იმავე კანდიდატურების წარდგენა მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ხელახლა წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტში ერთხელ უკვე აქვთ გავლილი განხილვის ყველა პროცედურა, რომლის დროსაც „არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა“.

„მე დავასახელე იურისტები, რომელთა მოღვაწეობასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება და რომლებიც გააძლიერებენ სისხლის სამართლის კოლეგიას უზენაეს სასამართლოში“, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, „ფაქტიურად ვერ ფუნქციონირებს“, იმის გამო, რომ იქ საკმარისი მოსამართლეები არ არიან.

მარგველაშვილის თქმით, ორი კანდიდატის მსგავსად, ანა დოლიძესაც რომ ჰქონოდა ხელახლა წარდგენის სურვილი, ისიც იქნებოდა ამ სიაში. მან განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის მესამე კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტს ხელახლა მოუწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების  წარდგენა იმის გამო, რომ ისინი ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო. ანალოგიური მოხდა 2014 წლის აგვისტოში, თუმცა მაშინ ორ თვეში ხელმეორედ წარდგენილ იმავე კანდიდატებს პარლამენტმა უკვე მხარი დაუჭირა.

იმავდროულად, ამ მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დახურა, რომ მესამე და საბოლოო მოსმენით არ მიიღო სასამართლოებთან დაკავშირებული, რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას და ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. ამ უკანასკნელი დებულების ამოქმედება შესაბამისი ცვლილებების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს არის პროექტით განსაზღვრული. 

ამჟამად, უზენაეს სასამართლოში მისი თავმჯდომარის ჩათვლით 13 მოსამართლეა. საკანონმდებლო ცვლილებები კი მოსამართლეთა რაოდენობას არანაკლებ 16 წევრამდე ზრდის იმ დათქმით, რომ სასამართლოს პლენუმს საჭიროების შემთხვევაში ამ რაოდენობის გაზრდა შეეძლება. ამჟამად მოსამართლეთა რაოდენობას არა კანონი, არამედ უზენაესი სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს თავად.

კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და მათ 10 წლის ვადით პარლამენტი ნიშნავს.

მსგავსი/Related

Back to top button