ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს

პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი 2016 წლიდან იყო, დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ იგი პარტიას ტოვებს და პოლიტიკური ცხოვრების „ახალ ეტაპს“ იწყებს.

ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილის წასვლა მოსალოდნელი იყო, რამდენადაც მან თანაპარტიელების განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოაწერა. ნაციონალურ მოძრაობაში შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლების შესახებ გარანტიების ნაკლებობის, ასევე შეთანხმებაში 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ამნისტირების შესახებ ჩანაწერის გამო გააკრიტიკეს. სამადაშვილმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ თქვა, რომ იგი პარტიული საქმინობისგან დროებით დისტანცირდებოდა, ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი – პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ მიიღებდა. ნიკა მელიამ საპატიმრო 10 ივნისს, ევროკავშრის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

სალომე სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის ბრძოლას გააგრძელებს იმ ადამიანებთან ერთად, „ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად“.

სამადაშვილმა, რომელიც ერთანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენელი იყო, ასევე თქვა, რომ მან თავისი საერთაშორისო კავშირები იმისთვის გამოიყენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, „რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა“.

მანვე აღნიშნა, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორ დეპუტატთან – რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, 4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, „აცოცხლებდა“ პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დეპუტატები ნიკა მელიასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ერთგულნი დარჩნენ, მაშინ, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, 2017 წლის იანვარში, დეპუტატების დიდმა ნაწილმა ნაციონალური დატოვა და ახალი პარტია ევროპული საქართველო ჩამოაყალიბა.

ნაციონალურ მოძრაობაში 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. საკითხზე პარტიის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს მელიას გათავისუფლების შემდეგ, შეთანხმებაზე ხელმოწერისა და საპარლამენტო მანდატების გამოყენებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button