ახალი ამბები

ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს რუსთავის საპატიმრო დატოვა. ციხიდან მელიას გამოსვლას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერი ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან ევროკავშირის მიერ – 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ – გადახდილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა მელიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს – კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, მადლობა გადაუხადა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისათვის.

მელიას განცხადებით, იგი ხვალიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პარლამენტში შესვლის საკითხზე კონსულტაციებს დაიწყებს. მისივე თქმით, იგი გადაწყვეტილებას ყველა კოლეგასთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

„ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვიქნები, [რადგან] ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე; … მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ მე არა ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არის“, – თქვა ნიკა მელიამ.

ამბის წინაისტორია

ნიკა მელია 23 თებერვალს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე გაზრდილი გირაოს (40 000 ლარის) გადაუხდელობას ედავება.

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გაზრდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა 1 ნოემბერს, „გაყალბებული“ საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონიტორინგის სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო. ნიკა მელიამ 20-21 ივნისის საქმეზე თავდაპირველად მასზე დაკისრებული 30 000 ლარი ერთხელ უკვე გადაიხადა.

მელიას დაკავებამ ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. მის დაკავებას პირველ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციასა შორის მედიაციის პროცესის დაწყება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ნიკა მელიას გათავისუფლების ერთ-ერთ გზად ამნისტიას ითვალისწინებდა, თავად ნაციონალური მოძრაობის თვმჯდომარემ ინიციატივა გააკრიტიკა და ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდას დასთანხმდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button