skip to content
ახალი ამბები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალი იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე იგი შუამავლის როლს შეასრულებს.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს“, პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ „დროა ფასილიტატორობიდან შუამავლობაზე გადავიდეთ და ხელახლა დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი“.

„ხელისუფლებამ, როგორც ნებისმიერმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელობა უნდა აჩვენოს“, – განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა და ოპოზიციას დიალოგში კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდა „საქართველოს ინტერესების შესაბამისად“.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე სხვადასხვა საკითხები უნდა იქნას განხილული, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმები. „საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი მართლმსაჯულების სისტემის ნდობა. მართლმსაჯულების ნებისმიერი პოლარიზაცია მიუღებელია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაღაც კონკრეტული შემთხვევები უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მან.

როგორც შარლ მიშელმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აპირებს, რომ მხარეებს ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადება შესთავაზოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი ამ საღამოს მოგვარდება“. მისი თქმით, ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების შეთანხმების კომისიის შეხვედრაც „საინტერესო მომენტი“ იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება შარლ მიშელის ინიციატივას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სიტყვამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული „საკითხების ფართო სპექტრი“ განიხილეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი ერთგულია.

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის ქართული ოცნების მზაობა დააფიქსირა.

მანამდე განვითარებული მოვლენები

პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიოციურ პარტიებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდნენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტზე დათანხმდებოდნენ. პირველად ეს იდეა ოპოზიციამ დეკემბერში გააჟღერა, აშშ-ის და ევროკავშირის ფასილიტატორობით არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს წინადადება უკუაგდო.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური ჩიხის გადასალახად უცხოელი ფასილიტატორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში შეჩერდა. არსებული კრიზისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button