skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენასა და პრემიერის განმარტებებს ითხოვენ

16 არასამთავრობო ორგანიზაცია 7 მარტის ერთობლივ განცხადებაში ხელუსუფლებას ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამჭვირვალე გამოძიებისა და ავთენტურობის დადგენისკენ მოუწოდებს, რომლებშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან იმ ახალგაზრდების დასჯის საკითხს განიხილავს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა „დაუყოვნებლივ“ უნდა გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერებზე და „ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს“.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოსთხოვოს განმარტებები და სავარაუდო დანაშაულში მისი შესაძლო მონაწილეობა განიხილოს.

უფლებადამცველების შეფასებით, გამოძიების მიმართ ნაკლები იქნება საზოგადოების ნდობა, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბიძინიძე თანამდებობებზე დარჩებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button