ახალი ამბები

ევროკავშირი მმართველ პარტიას და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის,  ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის „უფრო მეტად გაღრმავდა“, რაც „საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

„ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე  დაკვირვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე მოუწოდა ქართულ ოპოზიციას, რომ „კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის“.

განცხადების თანახმად, „პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე  თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად“.

ასევე წათიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button